„ესეც მორიგი შემაშფოთებელი აქტია, რაზეც ყველას უნდა ჰქონდეს რეაგირება. ამ ქვეყანაში საზოგადოებას სურს სიმშვიდე, მშვიდობა და თუ ვიღაცებს სურთ საპირისპირო, არეულობა, მეორე ფრონტი და ა.შ. - დარწმუნებული ვარ, ამაზე საზოგადოებას სათანადო რეაგირება ექნება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „ინდიგოსა“ და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ორგანიზებული გამოცემის „პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში“ შეფასებისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერის საშუალება მარტივად ვერავის მიეცემა. მან ასევე მოუწოდა ყველას, ნუ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნის სიმშვიდის დარღვევისკენ არის მიმართული.
„ჩვენ ასე მარტივად ვერავის მივცემთ ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერის საშუალებას. ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და არა ის უბედურება, რაც ვიღაცებს აქვთ ჩაფიქრებული.
სათაური [„პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში“] უკვე შემაშფოთებელია. როდესაც ვიღაც ახდენს რევოლუციის თემის აქტუალიზაციას და მით უმეტეს, ეს ხდება უცხოური დაფინანსებით, ბუნებრივია, შემაშფოთებელია. ყველას მოვუწოდებ, დაასვენონ ეს ქვეყანა, უზრუნველყონ სიმშვიდე ამ ქვეყანაში და ნუ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც სიმშვიდის დარღვევისკენ არის მიმართული, ეს არის ჩვენი ძალიან მკაცრი მოწოდება.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.