„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას გეგმავს უმუშევრობის პრობლემის აღმოსაფხვრელად. ამის შესახებ პარტია საარჩევნო პროგრამაში საუბრობს, რომელიც გუშინ წარმოადგინა.
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2015-2016 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის მიხედვით, ბიზნესის კეთების მხრივ, უპირველესი პრობლემა კვლავ კვალიფიციური სამუშაო ძალის ნაკლებობაა. ამავე დროს, უმუშევრობა რჩება მწვავე პრობლემად. ეს სიტუაცია ნათლად მიუთითებს შრომის ბაზარზე არსებულ დისბალანსზე. ერთი მხრივ, არსებობს მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან, თუმცა, ეს მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება იმ სამუშაო ძალით, რომელიც შრომის ბაზარზეა წარმოდგენილი.
აღნიშნული დისბალანსის აღმოსაფხვრელად და დასაქმების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად, „ქართული ოცნება" გეგმავს შემდეგ ღონისძიებებს:
- გატარდება განათლების რეფორმა და პროფესიული განათლების სისტემა განვითარდება დუალური (გერმანული) მოდელის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს დამსაქმებლის ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში. შედეგად, გაიზრდება სტუდენტების და მომავალი დასაქმებულების შრომის ბაზრისთვის მზაობის ხარისხი;
- განხორციელდება შრომის ბაზრის მოთხოვნების ფუნდამენტური შესწავლა და უმაღლესი განათლება დაეფუძნება არა ასიმეტრიულ მოთხოვნას, რომელიც რამდენიმე დომინირებული პროფესიით შემოიფარგლება, არამედ რეალურ საჭიროებებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ეს არ შეეხება ფუნდამენტურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს. შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსის აღმოფხვრა;
„ქართული ოცნება" შეიმუშავებს ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს ეკონომიკის ზრდის მხარდამჭერი ახალი პოლიტიკის შემუშავებას. აღნიშნული დოკუმენტი დაედება ღონისძიებებს, რომელიც სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით;
„ქართული ოცნება" შემდგომი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით. ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი:
- მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, ბიზნესს გაუჩნდება მეტი შესაძლებლობა, გააფართოოს საკუთარი საქმიანობა და დამატებით შექმნას 50 000 სამუშაო ადგილი;
- ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების გაგრძელებისა და ახალი კომპონენტების დამატების შედეგად, დასაქმდება 40 000 ადამიანი;
- ინფრასტრუქტურული პროექტების, ავტობანის, შიდა საავტომობილო გზების მასშტაბური მშენებლობის პროექტის განხორციელების შედეგად, გაჩნდება დამატებით 50 000 სამუშაო ადგილი;
- დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებით შექმნილი ფინანსური რესურსის ინვესტიციის შედეგად შეიქმნება დამატებით 10 000 სამუშაო ადგილი;
- ტურიზმის, ტურისტული მომსახურების და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად, ამ სექტორში დამატებით შეიქმნება 50 000 სამუშაო ადგილი", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.