ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ლი შანფუ თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მედიის ცნობით, შანფუ უკვე ორი თვეა, საჯაროდ არ გამოჩენილა და მეორე მაღალჩინოსანია, რომელიც ოფიციალური განმარტებების გარეშე გაათავისუფლეს.
ლი შანფუ ასევე აღარ ირიცხება ცენტრალური სამხედრო კომისიის წევრად, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი გავლენიანი უწყებაა და აღარც ხუთ სახელმწიფო მრჩეველს შორისაა, რომელთა რანგიც მინისტრებისას აღემატება.
გენერალი შანფუ თავდაცვის მინისტრის პოსტს მარტიდან იკავებდა. ის საჯაროდ აგვისტოს მიწურულიდან აღარ გამოჩენილა, რამაც მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები გამოიწვია.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივლისში თანამდებობიდან გადააყენეს საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განიც, რომელიც მანამდე საჯაროდ არ გამოჩენილა.