“ჩვენ გაგვაჩნია გარკვეული მძიმე გამოცდილება, მათ შორის, ერთმანეთთან იარაღით დაპირისპირების, მაგრამ ამის კულტივირება არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანი არ უნდა იყოს, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მათი დონორი სახელმწიფოების მხრიდან პირიქით, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა საქართველოში რადიკალიზმის შემცირება”, - ამის შესახებ, ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„არაერთი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ხდება სხვადასხვა ფორმატით, სხვადასხვა დროში კულტივაცია იმის, რომ პროტესტი და დაპირისპირება სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის გახდეს საქართველოში ჩვეულებრივი დღის წესრიგის ამბავი. გამომდინარე აქედან, განსაკუთრებით ახალგაზრდები დაარწმუნონ იმაში, რომ პროტესტის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ისეთი ფორმები, რომელიც ჩვენ „კანვასის“ ტრენინგების დროს, ან გირჩ ჯაფარიძის შემთხვევაში იარაღთან დაკავშირებული ტრენინგებზე ვიხილეთ, არის ჩვეულებრივი მოვლენა, რომელიც მისაღებია, როდესაც ხელისუფლების შეცვლის დაუოკებელი სურვილი გაგაჩნია. ამან, რა თქმა უნდა, ახალგაზრდაზე შეიძლება პირდაპირი გავლენა მოახდინოს და ჩვენ ვნახეთ კიდეც, რომ საქართველოში დღეს ახალგაზრდების ნაწილი პირდაპირ ჩართული იყო არა მარტო შენობებზე ცეცხლის წაკიდებაში, არამედ პოლიციელებზეც. ახლა მიმდინარეობს ამ სიტუაციის „გაპრავება“ და რაღაცნაირად იმის მტკიცება, რომ ეს ბუნებრივი და კარგი მოვლენაა და საქართველოს ამის დიდი გამოცდილება გააჩნია. დიახ, ჩვენ გაგვაჩნია გარკვეული მძიმე გამოცდილება, მათ შორის, იარაღით ერთმანეთთან დაპირისპირების, მაგრამ ამის კულტივირება არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანი არ უნდა იყოს, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მათი დონორი სახელმწიფოების მხრიდან პირიქით, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა საქართველოში რადიკალიზმის შემცირება, ე.წ. პოლარიზაცია მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.