ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, ქუჩის არეულობა მოაწყოს, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში სასურველ მიზანს ვერ მიაღწიეს.
„ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც ცდილობს, ქუჩა მოირგოს, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა". ამ თვალსაზრისით, სამზადისი უკვე დაწყებულია. ვიცი, როგორც ხდება ე.წ. ზონდერების მობილიზება. არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის ტერიტორიაზეც.
„ნაციონალური მოძრაობის" პროგრამა მინიმუმია, რომ თავისი გაიტანოს ამ არჩევნებზე, ხოლო თუ ვერ მიაღწიეს თავის მიზანს, ანუ წარმატებას არჩევნების გზით, მზად არიან, ხელი შეუწყონ ქუჩის არეულობას. ამის რესურსი მათ ნამდვილად აქვთ. სადაც არის ბევრი ფული, იქ ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, ვინც მზად არიან, არეულობაში მიიღონ მონაწილეობა", - აცხადებს მამუკა არეშიძე.