"კანდიდატის სტატუსი უკრაინასაც და მოლდოვასაც მისცეს დათქმებით და ვიცით, რომ ძალიან ბევრი მათგანი ჯერ-ჯერობით შესრულებული არ არის. შესაბამისად, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ ასოცირებულ ტრიოში ლიდერი ქვეყანა ვართ და ეს იცის ბრიუსელმაც და თუ დათქმები იქნება, ამის არავის ეშინია," - ამის შესახებ ხალხის ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არ უხარია დასავლეთიდან წამოსული პოზიტიური გზავნილები კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლებაა.
„ნახეთ, როგორი სურათია: ისინი, ვინც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ცალ-ცალკე ყველა სახელმწიფოს ლიდერი პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეუბნება, რომ საქართველოს ექნება მათი მხარდაჭერა. გადაწყვეტილების მიმღებები პოზიტიურად არიან განწყობილები, ხოლო ის ხალხი, ვისაც წესით ეს გადაწყვეტილება უნდა უხაროდეს - ქართული ოპოზიცია ამბობს, შეიძლება სტატუსი მოგვანიჭონ, მაგრამ მოგვანიჭებენ დათქმებითო. ასევე, ამბობენ, შეიძლება მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს ის არ იქნება, რაც თქვენ გგონიათ, საქართველო ამას არ იმსახურებს და ა.შ. სწორედ ეს არის ის რეალობა, რომელზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით - რადიკალური ოპოზიციის მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლება, მეტი არაფერი.
რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა დათქმები, მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ კანდიდატის სტატუსი უკრაინასაც და მოლდოვასაც მისცეს დათქმებით და ვიცით, რომ ძალიან ბევრი მათგანი ჯერ-ჯერობით შესრულებული არ არის. შესაბამისად, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ ასოცირებულ ტრიოში ლიდერი ქვეყანა ვართ და ეს იცის ბრიუსელმაც და თუ დათქმები იქნება, ამის არავის ეშინია. როგორც 12-პუნქტიანი გეგმის ყველა ნაწილი შევასრულეთ, ისე შევასრულებთ იმ დათქმებსაც. ამის რომ არ სჯეროდეთ, არც ასეთი პოზიტიური გზავნილები იქნებოდა ბრიუსელიდან.
დარწმუნებული ვარ, ისინი ნანობენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენთან მიმართებაში შარშან მიიღეს, რადგან ეს ყველაფერი გლობალური ომის პარტიის მიერ იყო ნაკარნახევი. როდესაც ნახეს, რომ თავი არ დავუხარეთ, ცალ ფეხზე დგომით და ღირსების გარეშე არ გვინდა ევროკავშირში შესვლა, გვინდა, რომ ევროკავშირის წევრი ღირსეულად გავხდეთ - როდესაც ეს ყველაფერი დაინახეს, როგორც ჩანს, ამის შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. შედეგს ყველა ერთად ვნახავთ, მაგრამ მესიჯები ცალსახად არის პოზიტიური. ასე რომ, თუ დათქმები იქნება, მთავარია, სტატუსი მოგვცენ და ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ ისევე ბეჯითად მუშაობას, როგორც აქამდე ვმუშაობდით“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.