საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის სესიაზე მისი გამოსვლისას მთავარი აქცენტი გაკეთდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის 147-ე სესიის მონაწილე ქვეყნები იხრებიან იმისკენ, რომ მხარი დაუჭირონ იძულებულ გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით რეზოლუციას.
პაპუაშვილის განცხადებით, გამოსვლისას საუბარი შეეხება რუსული ოკუპაციის თემასაც. მისი თქმით, ოკუპაცია ინსტრუმენტია იმისთვის, რომ რუსეთმა მუდმივი დესტაბილიზაცია მოახდინოს რეგიონში.
„ჩემს გამოსვლაში ძირითადი აქცენტი შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებას. მიმდინარე წელს, საქართველოსთან დაკავშირებით გაერო-ს რეზოლუციას ყველაზე ფართო მხარდაჭერა ჰქონდა. მათ შორის, ერთ-ერთი ამ ფორმატის დამსახურებაა. ეს ქვეყნები იხრებიან იმისკენ, რომ მხარი დაუჭირონ იძულებულ გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით რეზოლუციას. ერთი მხრივ, მინდა, კოლეგებს მადლობა გადავუხადო და, მეორე მხრივ, მოვუწოდო, რომ ეს მხარდაჭერა გააგრძელონ. ამას გარდა, საუბარი მექნება იმ გამოწვევებზე, რაც დღევანდელ სამყაროში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს. განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში. ოკუპაცია ინსტრუმენტია იმისთვის, რომ რუსეთმა მუდმივი დესტაბილიზაცია მოახდინოს რეგიონში. რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და გლობალური უსაფრთხოებისთვის, როცა რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების მეშვეობით შეუძლია, ინსპირირება გაუკეთოს სხვადასხვა სახის დაძაბულობას ქვეყანასა და რეგიონში. ასევე, საუბარი მექნება იმ შიდა გამოწვევებზე, რაც ბევრ ქვეყანას გააჩნია – ეს არის დეზინფორმაციული კამპანიები, რაც გარე და შიდა ფაქტორებით არის განპირობებული. ვისაუბრებ ამის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტებზე. პარლამენტი რაც უფრო გამჭვირვალე და ინკლუზიური იქნება, უფრო მეტად შეეძლება, დეზინფორმაციას გაუმკლავდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.