პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მართვის სისტემის დახვეწას გულისხმობს.
„ხელისუფლება განახორციელებს ქმედით და სამართლიან პოლიტიკას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მმართველობის სისტემის, პოლიტიკური სისტემისა და სამოქალაქო საზოგადოების შემდგომი გაძლიერება.
პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისა და ექსპერტების სათანადო ჩართულობით, შემუშავდება კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომლის საფუძველზე საქართველოს კონსტიტუცია სრულ შესაბამისობაში იქნება მოყვანილი კონსტიტუციონალიზმის პრონციპებთან. კონსტიტუციის ახალი რედაქცია დაეფუძნება ხელისუფლების დანაწილების პრონციპს და უზრუნველყოფს კეროვანი ბალანსის დაცვას ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოებს შორის.
დაიხვეწება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მართვის სისტემა:
- საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, გადაისინჯება რეგიონული მართვის სისტემა;
- გაძლიერდება ადგილობრივი თვითმმართველობა. სუბსიდიარობის პრინციპის საფუძველზე გაიზრდება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები, რომელთა განხორციელება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის უწყვეტ და თანმიმდევრულ პროცესს დაეფუძნება. ფისკალური დეცენტრალიზაციის, აგრეთვე მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებებსა და რესურსებს შორის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ეტაპობრივად გაიზრდება ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ხვედრითი წილი ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებში; გაძლიერდება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმები; საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სათანადოდ აღიჭურვება მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ორგანოები; ეტაპობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდება „საზოგადოებრივი ცენტრების" არსებული პრაქტიკა, რომლის მეშვეობით განხორციელდება სახელმწიფო და ადგილობრივი საზოგადოებრივი მომსახურებების მიწოდება ყოველ დასახლებაში, მმართველობის ორგანოებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური მანძილის მიუხედავად", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.