logo_geo
eng_logo
Investigate Europe: 2022 წლის მარტიდან, ევროპულმა კომპანიებმა რუსეთიდან $13,7 მილიარდის ღირებულების მეტალები შეიძინეს
- +

24 ოქტომბერი. 2023. 23:20

2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივლისის ჩათვლით ევროპულმა კომპანიებმა რუსეთიდან $13,7 მილიარდის ღირებულების მეტალები შეიძინეს. ამის შესახებ საგამოძიებო პროექტი Investigate Europe ევროსტატისა და ევროპის გაერთიანებული კვლევითი ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

 

 

2023 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, ევროპულმა კომპანიებმა რუსეთიდან 3,7 მილიარდის ღირებულების მეტალების იმპორტი განახორციელეს. European Policy Centre-ის მონაცემებით, ევროპაში გამოყენებული ნიკელის ზოგიერთი სახეობის 90%-მდე კრემლთან დაახლოებული მიმწოდებლებისგან ჩადის.

 

 

Investigate Europe აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების არაერთი პაკეტის მიუხედავად, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულით ვაჭრობაზე გამონაკლისი მოქმედებს. სასანქციო სიებში ჩასმულია ნავთობი, ნახშირი, ფოლადი, ტყე, მაგრამ მინერალები, რომლებიც ევროპაში კრიტიკულად მნიშვნელოვნად ითვლება (34 დასახელება) კვლავაც რუსეთიდან ჩადის, მათ შორის კრემლთან დაახლოებული კომპანიების მეშვეობით.

 

 

ჟურნალისტები განმარტავენ, რომ ევროკავშირს ეს ნედლეული 2050 წლისთვის კლიმატური ნეიტრალობის მისაღწევად ესაჭიროება. ამ საქონელს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ელექტრონიკისთვის, მზის პანელებისა და ელექტრომობილებისთვის, ასევე აეროკოსმოსური და თავდაცვითი დანიშნულების წარმოებისთვის.

 

 

Investigate Europe რუსეთის საბაჟოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ტიტანის უმსხვილესმა მწარმოებელმა „როსტეხის“ კუთვნილმა „კორპორაციამ ВСМПО-АВИСМА“ 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ივლისამდე ევროკავშირში სულ მცირე 308 მილიონი დოლარის ღირებულების ტიტანი გაყიდა - გერმანელი და ბრიტანელი შუამავლების მეშვეობით. კომპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი კლიენტი აეროკოსმოსური ცენტრი Airbus-ია. მათ 2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით 22,8 მილიონი დოლარის ღირებულების ტიტანი შეიძინეს - ოთხჯერ მეტი, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში.

 

 

Investigate Europe წერს, რომ რუსული მეტალების უმსხვილეს მყიდველებს შორის არის გერმანული GGP Metal Powder ($66 მილიონის ღირებულების სპილენძი), ფრანგული იარაღის მწარმოებელი Safran ($25 მილიონის ღირებულების ტიტანი), ბერძნული Elval Halcor ($13 მილიონის ღირებულების ალუმინი) და ნიდერლანდური C.Steinweg ($100 მილიონის ღირებულების სხვადასხვა დასახელების მეტალი).

 

 

Safran-ში დაადასტურეს, რომ ტიტანს კვლავ რუსეთში ყიდულობენ, თუმცა აღნიშნეს, რომ რუსული მეტალის შესყიდვის შემცირებაზე მუშაობენ. GGP Metal Powder-ში აცხადებენ, რომ მათ რუსული მიმწოდებლის რეალური ალტერნატივა არ აქვთ. C.Steinweg-ში აღნიშნეს, რომ ყველა წესსა და სანქციას იცავენ. დანარჩენ კომპანიებში კი ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner