“სამნიძე თავის განცხადებაში გულისხმობდა კონკრეტულ სუბიექტებს, „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“ და გვარამიას”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ოპოზიციის წარმომადგენლებს გუშინ ჰქონდათ აღიარების დღე. სამნიძის განცხადებაც არის ერთ-ერთი აღიარება. ჩვენ თვეებია ვსაუბრობთ იმაზე, რომ ოპოზიცია ლობირებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. სამნიძის განცხადებაზე მაქვს ინფორმაცია, რომ ის გულისხმობდა კონკრეტულ სუბიექტებს. ეს არის პარტია „ნაცმოძრაობა“, “ლელო“ და გვარამია. ამ სამ სუბიექტზე ჰქონდა მას ინფორმაცია, თუმცა, დეტალებს ის არ აკონკრეტებს, მაგრამ ზუსტად ვიცით ჩვენ, რომ ეს სუბიექტები დადიოდნენ ევროპაში და არამარტო. ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. რასაც ვამტკიცებდით ამდენი ხნის განმავლობაში პრაქტიკულად დაადასტურა თავად ოპოზიციის წარმომადგენელმა სამნიძემ“, - აღნიშნა კობახიძემ.
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით,ოპოზიციის რიგებში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს ხელს უშლიან.