პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი, გიორგი ვოლსკი „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ხათუნა სამნიძე ადასტურებს იმას, რასაც „ქართული ოცნება“ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ამბობდა.
„რამდენად სკანდალურია სამნიძის განცხადება, არ ვიცი. სკანდალური ის არის, რომ ოპოზიციის აქტიური, გააფთრებული მებრძოლი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, საუბრობს ისეთ თემაზე, რაც ისედაც ცნობილი იყო - ეს არის სკანდალური, თორემ ახალს არაფერს ამბობს. ის, რომ ბრიუსელის და ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში დარბოდნენ და საქართველოზე დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ აქ შავი ხვრელებია და რუსეთი საქართველოს მეშვეობით სანქციებს გვერდს უვლის, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. ხათუნა სამნიძე ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვამბობდით. მავნებელთა დიდი გუნდია შეკრებილი, გაერთიანდნენ, რევოლუციური კომიტეტი ჩამოაყალიბეს და ფიქრობენ, რომ სტატუსის არმიღება განაპირობებს რევოლუციური პროცესის დაწყებას. ეს სქემა აშკარა გახდა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მათ შორის, ხათუნა სამნიძის განცხადებაც, რასაკვირველია, ამ რიგში უნდა განვიხილოთ,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს ხელს უშლიან.