„აფრიკის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან ორმხრივ შეხვედრებზე მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ჩვენ გაერო-ში მაქსიმალურად მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ და ეს აისახოს საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციების მხარდაჭერაში“, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბიუჯეტის გამჭვირვალეობით საქართველო პირველ ადგილზეა, ბიზნესის კეთების სიმარტივით მეშვიდე ადგილზე, იუსტიციის სახლის ქართული ნოუ ჰაუ არის ცნობილი.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნები, რომლებიც რისკის რეგიონში მდებარეობენ, ვგულისხმობ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით რისკის რეგიონებს და ეს არის აფრიკა და ოკეანეთი, ამ ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს ავუხსნათ ის მდგომარეობა, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის. ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა. დიდი ხანია, ამ მიმართულებით ვმუშაობთ, თუმცა პარლამენტის შემადგენლობა ხშირად იცვლება, ახალი არჩევნების შედეგად ახალი ადამიანები არიან, ვისთანაც შეხვედრის შესაძლებლობა არ გვქონია და ამიტომ მნიშვნელოვანია ეს შეხვედრები, რომ მათ არსებული მდგომარეობა გავაცნოთ და მათი მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერა ჰქონდეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარკვეული მიმართულებით ვლიდერობთ. მაგალითად, ბიუჯეტის გამჭვირვალეობით პირველ ადგილზე ვართ, ბიზნესის კეთების სიმარტივით მეშვიდე ადგილზე, იუსტიციის სახლის ქართული ნოუ ჰაუ არის ცნობილი. ამიტომ, მათ ჩვენს ამ შესაძლებლობებს ვაცნობთ და ვთავაზობთ, რომ ქართული გამოცდილება გაიზიარონ, რადგან განვითარებადი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი იყოს. სხვათა შორის, ამით ძალიან ინტერესდებიან“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება არ არის მხოლოდ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაცნობა, არამედ იმ რეფორმებსა და პროგრესზე საუბარი, რაც ქვეყანას კონკრეტული მიმართულებებით აქვს.
„ბევრ ქვეყანაში, სადაც შეხვედრები გვქონია, ქართული გამოცდილებიდან რაღაც ელემენტები გადაიღეს და ესეც მნიშვნელოვანია ჩვენი პრესტიჟის ასამაღლებლად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რადგან საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება არ არის მხოლოდ ჩვენი ტურისტული პოტენციალი და ჩვენი ბუნებრივი სილამაზე, არამედ ის რეფორმები და პროგრესია, რაც ქვეყანას კონკრეტული მიმართულებებით აქვს. ეს მიმართულებები საინტერესოა იმ ქვეყნებისთვის, ვინც ამ განვითარების გზას გადიან“, - განაცხადა სამხარაძემ.