logo_geo
eng_logo
CNN: ჰამასმა ისრაელზე თავდასხმა ღაზას ქვეშ მდებარე გვირაბებში სატელეფონო ხაზების გამოყენებით დაგეგმა
- +

25 ოქტომბერი. 2023. 17:53

 

 

CNN აშშ-ის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰამასის მცირე ჯგუფი ისრაელზე მოულოდნელ თავდასხმას 2 წლის განმავლობაში გეგმავდა. მათ კომუნიკაცია ღაზის სექტორის გვირაბებში გაყვანილი სატელეფონო ხაზებით ჰქონდათ.

 

გამოცემის ცნობით, სატელეფონო ხაზები „ჰამასის“ წევრებს კომუნიკაციის საიდუმლოდ დამყარების საშუალებას აძლევდა, ისე, რომ მათთვის ისრაელის დაზვერვას არ მოესმინა. ასევე, ვარაუდობენ, რომ ამ მიზნით ტერორისტებმა ორი წლის განმავლობაში თავი აარიდეს კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონების გამოყენებას.

 

წყაროების ცნობით, 2 წლის განმავლობაში, დაჯგუფების მცირე უჯრედი გეგმას საიდუმლოდ ინახავდა იმ დრომდე, სანამ მოქმედება არ დაიწყეს და „ჰამასის“ ასეულობით მებრძოლი 7 ოქტომბრის თავდასხმისთვის არ გამოიძახეს.

 

როგორც CNN წერს, დაზვერვის მასალები, რომლებიც ისრაელმა აშშ-ს გაუზიარა, აჩვენებს, როგორ გეგმავდა ჰამასი ძველებური მეთოდებით 7 ოქტომბრის თავდასხმას. ისინი თავს არიდებდნენ ციფრულ კავშირს და შეხვედრებსაც ფიზიკურად მართავდნენ.

 

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

 

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

 

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner