"აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, შუა დერეფანი საქართველოს გავლით ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი არსებული მარშრუტების სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „გლობალური კარიბჭის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებით, გამარტივებული პროცესებით იზრდება ამ დერეფნების მნიშვნელობა. საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოგისტიკის რეგიონული ცენტრის პოზიციის მხარდასაჭერად, ჩემი მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ძირითად ინფრასტრუქტურის განვითარებას. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდება განხორციელდა ქვეყნის გზების, რკინიგზისა და აეროპორტების განახლებაზე, ისევე როგორც ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტების შემუშავებაზე. ეს მოიცავს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს, რომელიც სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის და მწვანე, განახლებადი ენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობას გააჩენს საქართველოს გავლით ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიას შორის.
ხოლო შავ ზღვაზე გაუმჯობესებული საბორნე მიმოსვლა გააუმჯობესებს საერთაშორისო ტრანზიტს შუა დერეფნის გავლით. ანაკლიის პორტის მშენებლობა გაზრდის საქართველოს შესაძლებლობას დიდი ოდენობით ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით. მოწადინებულნი ვართ გავაძლიერეთ ჩვენი რეგიონული როლი საზღვაო გადაზიდვების კონკურენტუნარიანობაში. ჩემი მთავრობა საჰაერო კავშირსაც აძლიერებს. თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობით, რომელიც უმაღლესი კატეგორიის სატრანზიტო კვანძი გახდება და საქართველოს პოზიციებს გააძლიერებს გლობალური საავიაციო სექტორის მნიშვნელოვანი მონაწილის რანგში“, - განაცხადა პრემიერმა.