"ჩვენი მონაწილეობა დღევანდელ ფორუმში არის მნიშვნელოვანი. მე აქ ჩამოვედი ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მოწვევით. ჩვენ წარმოვაჩინეთ საქართველოს პოზიცია და ჩვენი მიღწევები, პროგრესი, რომელიც ბოლო წლებში გვაქვს," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „გლობალური კარიბჭის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ძალიან შთამბეჭდავი პროგრესი გვაქვს. ლაპარაკია იმ მსხვილ პროექტებზე, რომლებიც განვახორციელეთ და ვახორციელებთ. რა თქმა უნდა ჩვენი ჩართულობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი. იცით, რომ შუა დერეფანი არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ალტერნატიული გზა ტვირთების ტრანსპორტირებისთვის და ტრანსპორტი, ენერგეტიკა, დაკავშირებადობა არის ის თემატიკა, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან გვაინტერესებს.
ასევე, მინდა ვთქვა, რომ ხვალ ვუმასპინძლებთ „აბრეშუმის გზის ფორუმს“, რომელიც ჩემი ინიციატივით 2015 წელს დავაფუძნეთ. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 60 ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი. ესეც იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მომხიბვლელი ადგილი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩვენს ინტერესს ემსახურება“, - განაცხადა პრემიერმა.