logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: სტუდენტები სწორ გზას ადგანან!
- +

11 მარტი. 2016. 15:01


„სტუდენტები სწორ გზას ადგანან", - ასე ეხმაურება „მართვის სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე კანცლერის არჩევასთან დაკავშირებით თსუ-ს სტუდენტების პროტესტს. როგორც მამრაძემ „რეპორტიორთან" საუბარში განმარტა, „ოდეერების" ინსტიტუტი საქართველოში დღემდე მუშაობს და სტუდენტებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს მანკიერი პრაქტიკა წარსულს ჩაბარდეს.


„პრობლემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. კარგად მახსოვს, როცა სანდრო კვიტაშვილი იყო რექტორი, მაშინ პროტესტით გამოდიოდნენ სტუდენტები და მე მათ როგორც პარლამენტის წევრი შევხვდი და მითხრეს ასეთი რამ - „სანდროსთან ჩვენ პრობლემა და პრეტენზია არ გვაქვს. იქ უზის უშიშროების კაცი, რომელიც ყველაფერს მართავს. თორემ სანდროს ტყუილად ჰქვია რექტორი". აი ეს მიდგომა, რომ ყველგან ზის უშიშროების კაცი, საქართველოში დღესაც არსებობს. თავად ფაქტია შემზარავი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 25 წელია გასული და ეს აბრევიატურა „ოდეერი" დღემდე ნებისმიერ სტრუქტურაშია ჩანერგილი. მე მახსოვს, რომ ბატონმა გია ვოლსკიმ შარშან განაცხადა, რომ მოქმედი კანონმდებლობის და წესების თანახმად, „ოდეერის" ინსტიტუტი მუშაობს ისე, როგორც საჭიროა.  მაჩვენეთ ეს მოქმედი კანონმდებლობა და წესები. რას ნიშნავს ეს? რომელ ევროპაზეა ლაპარაკი ასეთ დროს?

 

ასევე მახსოვს ჟურნალისტების შეხვედრა რესურს-ცენტრთან და მათმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნამდვილად ჰყავთ „ოდეერი", მაგრამ ვისაც ჟურნალისტები ბრალს სდებდნენ, ის პიროვნება არ იყო „ოდეერი". არამედ ვიღაც სხვა ჰყავდათ.

 

აქაც იგივე ტრიალებს. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს იმ პიროვნებაზე, რომლის გამოც აჯანყდნენ სტუდენტები. სამაგიეროდ, ვიცი, რომ სოსო არჩვაძე, შესანიშნავი მეცნიერი და პიროვნება, იყო წარდგენილი კანცლერად და სამწუხაროდ, რაღაც მოხდა იქ და კანდიდატურა არ გავიდა. სტუდენტები სწორ გზას ადგანან. ყველაფერი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე. ნებისმიერ სტრუქტურაში, სახელმწიფო დაწესებულებაში და ზოგადად ყველგან „ოდეერი" წარსულს უნდა ჩაბარებოდა მეოთხედი საუკუნის წინ და ტრაგედიაა, რომ დღესაც არ დასრულებულა ეს ყველაფერი", - განაცხადა პეტრე მამრაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner