logo_geo
eng_logo
პრემიერი: ოპოზიცია ეწეოდა და დღესაც ეწევა საბოტაჟს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, თავად აღიარეს ეს სამარცხვინო ქმედება
- +

25 ოქტომბერი. 2023. 20:39

"ეს არის აღიარება. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თავად აღიარეს ეს სამარცხვინო ქმედება და საქციელი," - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიციის რიგებში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს ხელს უშლიან.

 

 

პრემიერის თქმით, არაერთი ფაქტი არსებობს იმისა, რომ ოპოზიცია ეწეოდა და დღესაც ეწევა საბოტაჟს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

 

 

მისივე თქმით, მთავრობა აქარწყლებს ნეგატიურ ნარატივს და დეზინფორმაციას, რომელიც უხვად მოედინება ოპოზიციის მხრიდან.

 

 

ჩვენ არაერთხელ გაგვიფრთხილებია ჩვენი საზოგადოება ასეთი შემაფერხებელი დესტრუქციული საბოტაჟის ფაქტების შესახებ. ამის შესახებ ღიად მქონდა საუბარი. კონკრეტული ფაქტები მოვიყვანე, დავასახელე გვარები იმ ოპოზიციონერების, რომლებიც დადიოდნენ და ჯერ კიდევ დადიან ევროპის ქვეყნებსა და დედაქალაქებში, მათ შორის ბრიუსელშიც, რომლებიც ითხოვდნენ, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო. ამას პირდაპირ დავარქმევდი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატს. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება შენი ქვეყნის ცუდი გიხაროდეს?! მოინდომო და შენი ქვეყნის ევროპელ კოლეგებს თხოვნით მიმართო, რომ სტატუსი არ მისცენ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე საყურებელია. ამიტომ, ვსაუბრობდი ამ ყველაფერზე ღიად, რომ საზოგადოება გამეფრთხილებინა, რომ ასეთი მცდელობები იყო და იქნება მომავალშიც, სამწუხაროდ. ამიტომ, ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ. ისინი [ოპოზიცია] იყენებდნენ მათ რესურსებს, თავიანთ გავლენიან ლობისტებს და ა.შ.

 

 

ამას ემსახურებოდა შარშან, როდესაც ევროკომისიას კანდიდატის სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო, მაშინ თავიანთ დედა პარტიას მიაღებინეს რეზოლუცია. არაერთი ფაქტი არსებობს იმისა, რომ ოპოზიცია ეწეოდა და დღესაც ეწევა საბოტაჟს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. რატომ? ერთადერთი მიზეზის გამო, მათ არ უნდათ ჩვენი ქვეყნის პროგრესი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში.

 

 

ეს არის აღიარება. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თავად აღიარეს ეს სამარცხვინო ქმედება და საქციელი. მინდა ყველა დავამშვიდო, მიუხედავად შიდა და გარე მტრებისა, ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს სტატუსს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მშვიდად და ფხიზლად უნდა მივყვეთ ამ სიტუაციას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner