logo_geo
eng_logo
თამარ ჩიბურდანიძე: გადაუწყვეტელი ამომრჩევლის უმეტესობა დღითიდღე ხვდება, რომ ის, რასაც ოპოზიცია სიმართლედ ასაღებდა, არის ტყუილი
- +

25 ოქტომბერი. 2023. 22:05

"საქართველოსთვის აღარ სცალია მსოფლიოს. კერძოდ, ამ პოლიტიკური თამაშებისთვის, არეულობების დაგეგმვისთვის და ა.შ. უცხოეთში აღარ სცალიათ, რადგან გაიხლართნენ მათ მიერვე დაწყებულ პოლიტიკურ თამაშებში," - ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა „ფრიდრიხ ებერტის“ ფონდის მიერ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რომელსაც ჰქვია „პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში”.

 

 

ჩიბურდანიძის თქმით, სანამ საქართველოში არჩევნები არ ჩაივლის, მანამდე მსგავსი ღონისძიებები ხშირად გაიმართება.

 

 

„სანამ საქართველოში არჩევნები არ ჩატარდება, ასეთი ტრენინგები და სემინარები სულ იქნება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ტრენინგს, რომელსაც ჰქვია „პროტესტი და წინააღმდეგობა”, ეს უკვე ხდება არა შეფარვით, როგორც ადრე კულტურას და ხელოვნებას ამოაფარეს, არამედ პირდაპირ, ღიად დადეს ეს ინფორმაცია და განცხადებაც ღიად გააკეთეს. ეს უკვე მიუთითებს კარგ ტენდენციაზე - სპეცსამსახურებმა კარგად იმუშავეს და რაკი ტრენინგის ორგანიზატორებმა რომც დააპირონ ამის დამალვა, საზოგადოება მაინც გაიგებს, უკვე აღარ მალავენ. ამასთან, როცა მალავ რაღაცას, უფრო დამნაშავე ხარ და ამდენჯერ “დამნაშავის” იმიჯი მათთვის უკვე ძალიან ზედმეტია და ალბათ იმ უცხოელებმაც, რომლებიც ფულს აძლევენ ამისთვის (ეს სწორედ მათი გადაწყვეტილება იქნება და არა აქაური, შიდა), გადაწყვიტეს, რომ სჯობს ეს ყველაფერი ასე ღიად ჩატარდეს, ვიდრე მალულად, რაც მაინც სპეცსამსახურების ხელში მოხვდებოდა.

 

 

მეორე საკითხია, რას წაუკითხავენ მსმენელებს. ალბათ, მსმენელები ისევ ახალგაზრდები იქნებიან. თუკი გავითვალისწინებთ, რომ გერმანელი სოციალ-დემოკრატების ფულით ფინანსდება ეს ტრენინგი, ალბათ იქაური ტრენერიც იქნება ამ პროცესში ჩართული და ალბათ დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის დაგეგმარების სცენარს განიხილავენ. ყველამ, ვინც პოლიტიკის ისტორიაში ერკვევა, იცის, რომ ეს იყო უკვდავი გეგმა. ეს რუსეთში არ დაგეგმილა. ეს იყო ოკეანის გაღმიდან და შემდეგ ევროპაში დაგეგმილი რევოლუცია და ეს თემა დღემდე ცოცხლობს. ალბათ იგივე სქემით მუშაობენ ჩვენს ოპოზიციასთან, იგივე მუშურ-გლეხური სქემით უნდათ პავლიკ მოროზოვების გაზრდა, რომ არჩევნებისთვის მოამზადონ,” - განაცხადა ჩიბურდანიძემ.

 

 

მისივე თქმით, რევოლუციურ სცენარებზე ამხელა მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდან განპირობებულია იმით, რომ სავარაუდოდ, დეკემბერში საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ანუ ოპოზიციას ეს საკითხი ჩაუვარდა.

 

 

„რატომ არის ასეთი მოწადინება მთელ ამ ტრენინგ-სემინარებზე, რევოლუციებზე და ა.შ. ეს ხდება იმიტომ, რომ სტატუსის თემა ჩაუვარდათ. მაღალი რანგის ევროპელი ლიდერების განცხადებებით ყველა ხვდება, რომ საქართველოს უკვე ხელში უჭირავს ეს სტატუსი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების, საზოგადოების და იმ ხალხის დამსახურება, ვინც მართლა იღწვოდა ამისთვის და არა - ქართული ოპოზიციის. ამდენად, ეს თემა მათ უკვე დაკარგეს, თან ძალიან მწარედ. მათ აღარ რჩებათ სხვა რესურსი, რომ რაღაც თემა ააგორონ და ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ. ფაქტობრივად, ახალი წლიდან საარჩევნო კამპანია უკვე ოფიციალურად იწყება. ისინი ემზადებიან იმისთვის, რომ თუკი რამე ჩაუვარდათ ხელში, არჩევნებამდე მოაწყონ არეულობა (მაგრამ არ მგონია ამის საშუალება მიეცეთ), ან თუ არადა, საარჩევნოდ ატეხონ ეს ამბოხი.

 

 

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ის საინფორმაციო რუპორი, რომლითაც ოპოზიციური ტელევიზიების მეშვეობით აწვდიან ცალმხრივად ინფორმაციას საზოგადოებას. ამ ინფორმაციაში მოსახლეობა ხედავს ძალიან ბევრ სიყალბეს და სიცრუეს. მათივე კვლევებით დადგენილია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ოდენობა თუ არ ვცდები, 47%-ის ოდენობით და სწორედ ამ ამომრჩეველზე მიმდინარეობს მუშაობა დღეს ყველა პარტიის მიერ, თორემ ვინ არის ოცნების ამომრჩეველი და ვინ - ნაცების, ეს უკვე გარკვეულია. სწორედ ამ 47%-ის უმეტესობა დღითიდღე ხვდება, რომ ის, რასაც ოპოზიცია სიმართლედ ასაღებდა, არის ტყუილი. რაც მთავარია, საქართველოსთვის აღარ სცალია მსოფლიოს. კერძოდ, ამ პოლიტიკური თამაშებისთვის, არეულობების დაგეგმვისთვის და ა.შ. უცხოეთში აღარ სცალიათ, რადგან გაიხლართნენ მათ მიერვე დაწყებულ პოლიტიკურ თამაშებში.

 

 

ომი დაიწყეს უკრაინაში და ვერ ამთავრებენ. მართალია, ომი რუსეთმა დაიწყო, მაგრამ ამ ომის პროვოცირება და მთელი მოსამზადებელი სამუშაოები, წლების განმავლობაში ხდებოდა სხვაგან, ანუ იქ, სადაც სჭირდებოდათ და აწყობდათ ეს ომი. ასევე, სერიოზული პოლიტიკური თემა აფეთქდა ისრაელში და ახლა მთელი მსოფლიო იბრძვის იმისთვის, რომ ეს ომი რელიგიურ ომში არ გადაიზარდოს, თორემ შეეხება მთელ მსოფლიოს და პირველ რიგში, გადაწვავს ევროპას.

 

 

თუკი ამერიკის კონგრესის განცხადებებს გავითვალისწინებთ, ემზადებიან, რომ ჩინეთისკენ ცეცხლის ახალი წერტილი გახსნან. ეს კი მთლად დაღუპავს იმ სცენარისტებს და ავტორებს, ვინც ამდენი არასწორი პოლიტიკური დაგეგმარება შემოიტანა ახალ მსოფლიო წესრიგში და რომ ჰგონიათ, რომ პოლიტიკური მართვის სადავეებს თავისკენ ქაჩავენ, პირიქით, ისინი ამ სადავეებს კარგავენ,” - განაცხადა ჩიბურდანიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner