„სახელმწიფო ხალხისათვის" თბილისის ისნის საარჩევნო ოლქის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი იოსებ ხიმშიაშვილი ხათუნა ლაგაზიძის მიერ, დღეს პარტიის დატოვებას სამარცხვინოს უწოდებს.
იოსებ ხიმშიაშვილის განცხადებით, „სავარაუდოდ, ლაგაზიძემ „სახელმწიფო ხალხისათვის" მას შემდეგ დატოვა, რაც პარტიის გამსვლელ სიაში ვერ მოხვდა".
„როდესაც დავტოვე პარტია, ზუსტად იმ მიზეზით, რომ ბურჭულაძე გაერთიანდა „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტ პარტიებთან და ვაცხადებდი, რომ ბურჭულაძე იყო მიხელ სააკაშვილის პროექტი, ხათუნა ლაგაზიძე და მისი თანაპარტიელი ლიდერები აცხადებდნენ, რომ ჩვენს მიერ პარტიის დატოვება იყო ხელისუფლების პროექტი. დღეს კი, იგი სამარცხვინოდ და უსინდისოდ აცხადებს, რომ ბურჭულაძის პარტია იყიდა „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტმა პარტიებმა „გირჩმა" და გიორგი ვაშაძის პარტიამ.
ლაგაზიძე და მისი თანაგუნდელები ჩვენს მიმართ გაკეთებულ განცხადებებში არ იყვნენ გულწრფელები და ჩირქი მოსცხეს იმ პირებს, რომლებმაც პირველად ამხილეს ბურჭულაძის პარტიის კავშირი „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტ პარტიებთან და პროტესტის ნიშნად დატოვეს ბურჭულაძის პარტია", - აღნიშნა ხიმშიაშვილმა საუბრისას.
ცნობისთვის, დღეს პაატა ბურჭულაძის პარტია ხათუნა ლაგაზიძემ დატოვა.