ლიბიის პარლამენტი ითხოვს, რომ იმ ქვეყნების ელჩებმა, რომლებიც ისრაელს უჭერენ მხარს, ქვეყანა დატოვონ.
„მოვითხოვთ, იმ სახელმწიფოების ელჩებმა, რომლებიც მხარს უჭერენ სიონისტურ ერთეულს (ისრაელს), მის დანაშაულებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია (ლიბია)“, - ნათქვამია განცხადებაში.
ლიბიის პარლამენტი ასევე აცხადებს, რომ თუკი ისრაელი ღაზაზე თავდასხმებს არ შეწყვეტს, მთავრობას ისრაელის მხარდამჭერ ქვეყნებში ნავთობისა და გაზის ექსპორტის შეჩერების მოთხოვნით მიმართავენ.
„თუ სიონისტური მტერი ხოცვა-ჟლეტას არ შეაჩერებს, ჩვენ მოვთხოვთ ლიბიის მთავრობას, შეაჩეროს ნავთობისა და გაზის ექსპორტი იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ მას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ლიბიის პარლამენტში აცხადებენ, რომ უმკაცრესად გმობენ აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და იტალიის მთავრობების ქმედებებს.
„ეს ქვეყნები მხარს უჭერენ სიონისტურ ერთეულს მის დანაშაულებში ღაზას სექტორში, ხოლო მათი ლიდერები ლექციებს კითხულობენ ადამიანის უფლებებისა და ხალხების თვითგამორკვევის უფლებაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.