„ვფიქრობ, სამნიძეს უნდა ეყოს სითამამე და ბოლომდე ამხილოს თავისი კოლეგები, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს ზურგს უკან ცდილობენ, დაამცირონ საქართველო, დააკნინონ მისი წარმატებები და როგორმე მოუსპონ ევროპული პერსპექტივა“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ, გახსოვთ, მთელი 1 წლის განმავლობაში ხაზს ვუსვამდით იმას, რომ ქართველი ხალხის ზურგს უკან ადამიანები ეწევიან პირდაპირი მნიშვნელობით ძირგამომთხრელ საქმიანობას. რამდენჯერმე ვამხილეთ კიდეც ჩვენი კოლეგები. მემგონი, ქალბატონი სამნიძის განცხადებამ ნათელი მოჰფინა იმას, რომ არიან ადამიანები, რომლებიც გავეშებით, გაგულისებით, არა საქართველოს მთავრობას და ხელისუფლებას ებრძვიან, არამედ ებრძვიან საკუთარ სამშობლოს, საქართველოს, ძირს უთხრიან მის ევროპულ პერსპექტივას, უნდათ რომ ის დამცირებული, დაკნინებული იხილონ. უნდათ, რომ თავიანთი ევროპელი კოლეგები, ზოგიერთი და არა ყველა, დაარწმუნონ იმაში, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭონ. ეს ყველაფერი მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება და ამ პრიზმაში დანახული მათი ეს ქმედება, ვიწროპარტიული, ძალიან ეგოისტური, ძალიან შემზარავი სანახავი და მოსასმენია. ვფიქრობ, სამნიძეს უნდა ეყოს სითამამე და ბოლომდე ამხილოს თავისი კოლეგები, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს ზურგს უკან ცდილობენ, დაამცირონ საქართველო, დააკნინონ მისი წარმატებები და როგორმე მოუსპონ ევროპული პერსპექტივა. კოლექტიური კანდელაკები, რომლებიც ვერაფრით ვერ ინელებენ 2012 წლის 1 ოქტომბერს და იქ არიან ჩარჩენილები, ამ ბოღმაში, ამ რევანშიზმში, ამ დაუოკებელ წყურვილში ხელისუფლების სათავეებთან მობრუნების, რათა შემდეგ შური იძიონ საქართველოზე, მის მოქალაქეებზე. ეს ადამიანები, ამ თავის ბოღმაში, ეჭვში, დარდში არიან ჩარჩენილები, არიან შებოჭილები რაღაც წარმოუდგენელი პარტიული ეჭვიანობით და იმის იქეთ, სამწუხაროდ, ვერ იყურებიან. მათ ჯინაზე და ყველა იმ ადამიანის ჯინაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის დამცირება და შეფერხება უნდათ ევროპულ გზაზე, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ვფიქრობ, რომ ეს მათთვისაც შვება იქნება და გამოსავალი იქნება იმ ჩიხური სიტუაციიდან, რომელშიც საკუთარი თავები თუ პარტიული ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, აქ პირველ რიგში „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, შეიდევნეს. თამასა იმ სიმაღლეზე ასწიეს და მოლოდინები ისეთი შექმნეს სტატუსის არმინიჭების, რომ სტატუსის მინიჭება მათთვის გამანადგურებელი ეფექტის იქნება“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.