logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: საქართველოში უნდა ხდებოდეს მაღალ დონეზე მსჯელობა მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებზე და გადაწყვეტილებების მიღება, ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს
- +

26 ოქტომბერი. 2023. 11:10

 

 

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ დღეს მუშაობას იწყებს - ღონისძიების გახსნის ცერემონია თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შედგება. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით იმართება და მასში წელს 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.

 

ფორუმის გახსნით პანელში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები. ამასთან,  სხვა პანელურ სესიებში მონაწილეობენ ევროპული თუ აზიური ქვეყნების მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლები. „აბრეშუმის გზის ფორუმი“ წელს იმითაც გამოირჩევა, რომ უმაღლესი დონის ოფიციალური დელეგაციებისა - პრემიერების, ვიცე-პრემიერების, მინისტრების დონეზე, ღონისძიებაზე ასევე აქტიურად და მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი საერთაშორისო ბიზნეს-სექტორი.

 

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ მიმართ დაინტერესება განსაკუთრებით გაზრდილია 2023 წელს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ზოგადად საქართველოს როლი იზრდება რეგიონში - საქართველო, როგორც სტაბილური, საინტერესო, დინამიურად განვითარებადი ეკონომიკა მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ბიზნესისთვის ეს არის ხელსაყრელი გარემო და დარწმუნებული ვარ, რომ ფორუმის ფარგლებში ძალიან ბევრი წარმატებული გარიგება შედგება ბიზნესებს შორის“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი.

 

„აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობას იღებენ ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო, მათ შორის საფინანსო და დონორი ორგანიზაციების  წარმომადგენლები,  საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. ფორუმის ფარგლებში უკვე ჩანიშნულია 200-მდე B2B შეხვედრა.

 

ფორუმი ორი დღის განმავლობაში, 26 – 27 ოქტომბერს იმუშავებს და მის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე, მათ შორის: „შუა დერეფნის“ მზარდი როლი; სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარება; ფინანსური სექტორი; კავშირგაბმულობა; ენერგეტიკა; ტურიზმი; ტექნოლოგიები და სხვა. აღსანიშნავია, რომ ფორუმის მეორე დღე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა.

 

„ასევე იქნება ძალიან საინტერესო დისკუსიები პოლიტიკოსების მხრიდან ამა თუ იმ თემაზე - ჩვენ ბევრ მიმართულებას ვფარავთ - ეს არის ტრანსპორტი, შუა დერეფნის პერსპექტივები, ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, ინვესტიციები, ფინანსები და ბევრი სხვა. დიდი იმედი მაქვს, რომ ფორუმი ძალიან წარმატებით ჩაივლის და საქართველოს პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. საქართველოშიც უნდა ხდებოდეს მაღალ დონეზე მსჯელობა მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებზე და გადაწყვეტილებების მიღება, ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართული სესიებს მოდერატორობას გაუწევენ BBC-ის, Bloomberg-ის, Deutsche Welle-ს და სხვა წამყვანი ჟურნალისტები.  ღონისძიებას 200-მდე ადგილობრივი და უცხოელი  ჟურნალისტი გააშუქებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner