საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი და საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის იუსტიციის მინისტრი დზინტარს რასნაჩსი დელეგაციის წევრებთან ერთად, დღეს სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ, სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. მინისტრები მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ და უშუალოდ მათგან მოისმინეს ის პრობლემები, რომლებსაც ყოველდღიურად აწყდებიან.
კახა კახიშვილმა ლატვიის დელეგაციას საოკუპაციო რეჟიმის მიერ მავთულხლართების აღმართვისა და ადგილობრივი მოსახლეობის დაკავების ფაქტების გახშირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტები, მათი მხრიდან, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის გამოხატულება და იმის ნიშანია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას საერთაშორისო საზოგადოება რეგულარულად ადევნებს თვალყურს.
„ჩვენს ტერიტორიაზე 21-ე საუკუნეში ვხედავთ, რომ სრულიად უკანონოდ მავთულხლართები გააბეს და თვლიან, რომ ეს არის მათი ტერიტორია. არსებობს ბევრი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ აქტიურად ვიყენებთ. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების დახმარებით, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტით, დარწმუნებული ვარ შევძლებთ ჩვენი ტერიტორიის დეოკუპაციას. ეს იქნება რთული გზა, მაგრამ ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ," - განაცხადა კახა კახიშვილმა.
ლატვიის იუსტიციის მინისტრის დზინტარს რასნაჩსის განცხადებით, ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას მიაწვდის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალურ პროკურორს, რომელიც უახლოეს მომავალში ლატვიას ეწვევა.
„ჯერ კიდევ 7 წლის წინ ვიყავი აქ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ფარგლებში და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ჩემი აზრით, ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გამოვხატოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ადრე თუ გვიან, ეს მხარდაჭერა შედეგს გამოიღებს," - აღნიშნა დზინტარს რასნაჩსმა.
ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი დზინტარს რასნაჩსი დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის მოწვევით ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ლატვიის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.