საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს - თანი ბინ აჰმედ ზეიუდის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
„საუბარი შეეხო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ("CEPA") მნიშვნელობას.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეთანხმება მტკიცე საფუძველს უყრის საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უფრო მყარი და კონსოლიდირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შედეგად საქართველო საამიროებთან სარგებლობს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც გულისხმობს, რომ საქართველოსთვის დამატებით გაიხსნა 10-მილიონიანი მაღალ მსყიდველობითუნარიანი ბაზარი.
ასევე აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ყურის ქვეყნებთან პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებით.
პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე, რომელიც მას აქვს, როგორც ევროპისა და აზიის, ისე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან დაკავშირებადობის და სატრანზიტო მიმართულებით.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობას; განიხილეს საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და პოტენციალი. აღინიშნა, რომ 2023 წლის 9 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის გაიზარდა 64%-ით წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და შეადგინა 312.91 მლნ აშშ დოლარი.
ექსპორტი გაიზარდა 60%-ით და შეადგინა 35.69 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი გაიზარდა 65%-ით და შეადგინა 277.22 მლნ აშშ დოლარი.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობისა და ისტორიული სატრანზიტო როლის შესახებ; ხაზი გაესვა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე საქართველოს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ქვეყნის, როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.
საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში იმყოფება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.