"ბოლო 10 წლის განმავლობაში გვაქვს ისეთი პროგრესი, რომელმაც ნებისმიერი სხვა კანდიდატ სახელმწიფოზე წინ დაგვაყენა და ამაზე მეტყველებს აბსოლუტურად ყველა მაჩვენებელი," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
„ჩვენ იმდენად თვალსაჩინო და ღია გავხადეთ ის, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, იმედი გვაქვს, პოზიტიური დასკვნა იქნება ჯერ ნოემბრის დასაწყისში და რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება დეკემბერში. არ მინდა, ისე გამომივიდეს, რომ წინასწარ გამოვაცხადო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც დეკემბერში უნდა იყოს მიღებული. ჩემი პოზიციაა, რომ იქ შესაძლოა პოლიტიკური პოზიციონირება იყოს სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან საქართველოს საწინააღმდეგო, მაგრამ იქნებიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც იქნებიან საქართველოს მომხრეები. თუ ჩვენ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ელემენტს მოვაცილებთ, გადაწყვეტილება დაყრდნობილი იქნება იმ რეფორმებსა და პროგრესზე, რაც საქართველოს აქვს და არა მხოლოდ ამ 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით, არამედ ზოგადად, ასოცირების დღის წესრიგის თვალსაზრისით. მეორე მხრივ, გეოსტრატეგიულ მომენტს შეაფასებს ყველა ადეკვატურად. თუ გადაწყვეტილება იქნება ნეგატიური, ეს იქნება ძალიან შეურაცხმყოფელი ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, მიუხედავად ურთულესი მომენტებისა და მართლაც ტოტალიტარული სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესაძლებლობა არსებობდა სააკაშვილის პერიოდში, მაგრამ საბოლოო ჯამში, ბოლო 10 წლის განმავლობაში გვაქვს ისეთი პროგრესი, რომელმაც წინ დაგვაყენა, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი სახელმწიფო და ამაზე მეტყველებს აბსოლუტურად ყველა მაჩვენებელი. არ არსებობს, რომელიმე მაჩვენებელი, რომელშიც ჩვენ ჩამოვრჩებით რომელიმე კანდიდატ სახელმწიფოს, რომელიც გეოგრაფიულად შეიძლება გაცილებით უფრო ახლოს არის ევროპის შუაგულთან, ვიდრე ჩვენ ვართ“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.