logo_geo
eng_logo
ჩინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლი კეციანი გარდაიცვალა
- +

27 ოქტომბერი. 2023. 10:36

 

 

ჩინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლი კეციანი 68 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ჩინეთის სახელმწიფო მედია მისი გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევას ასახლებს.

 

ლი კეციანმა პრემიერის თანამდებობა მარტში დატოვა. ის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2013 წლიდან იკავებდა.

 

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ერთ დროს ლი კეციანი კომუნისტური პარტიის თავმჯდომარეობაზე ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად განიხილებოდა, თუმცა ბოლო წლებში ქვეყნის ლიდერმა, სი ძინპინმა უკანა პლანზე გადაწია.

 

ლი კეციანი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მხარდამჭერი იყო.

 

2022 წლის აგვისტოში ჩინეთის სახელმწიფო მოღვაწის, ჩინეთის ეკონომიკის ტრანსფორმაციული რეფორმის ლიდერის, დენ სიაოპინის ძეგლის გვირგვინით შემკობისას, ლი კეციანმა განაცხადა: „რეფორმები და ღიაობა არ გაჩერდება. იანძი და ხუანხე კურსს არ შეიცვლიან“.

 

აღნიშნული განცხადება მიმომხილველთა ნაწილმა სი ძინპინის პოლიტიკის შეფარულ კრიტიკად შეაფასა.

 

2020 წელს ლი კეციანმა ბიძგი მისცა ქვეყანაში სიღარიბისა და არათანასწორი შემოსავლის შესახებ დებატებს, როდესაც განაცხადა, რომ მზარდად მდიდარ ჩინეთში 600 მილიონი ადამიანის შემოსავალი თვეში 140 დოლარზე ნაკლებია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner