logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი ესპანეთის სენატში ევროკავშირის საპარლამენტთაშორისო სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
- +

27 ოქტომბერი. 2023. 14:16

 

 

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მადრიდში, ესპანეთის სენატში  გამართულ „ევროკავშირის სტაბილურობის, ეკონომიკური კოორდინაციისა და მმართველობის შესახებ“ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.

 

საქართველოს პარლამენტი ამ ღონისძიებაზე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ესპანეთისა და საპრეზიდენტო ტრიოს მიერ პირველად არის მიწვეული.

 

სიტყვით გამოსვლისას, დელეგაციის ხელმძღვანელმა ნინო წილოსანმა ევროკავშირთან პარტნიორობით წარმატებით მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრა.

 

მომხსენებელმა, საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირის გასაძლიერებლად ჩვენ დავიწყეთ არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. საქართველოს მიერ ინიცირებული ევროკავშირის ფლაგმანური, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი შექმნის მწვანე ენერგეტიკულ დერეფანს და ხელს შეუწყობს ევროკავშირის  დივერსიფიკაციის ძალისხმევას, ხოლო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გაზრდის დიდი ოდენობით ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობებს და შუა დერეფნის გავლით საერთაშორისო ტრანზიტს გააძლიერებს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ განხორციელებული  რეფორმების  თვალსაზრისით, საქართველო არის  ერთ-ერთი ლიდერი ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შორის.

 

საქართველოს პარლამენტიდან დელეგაციის შემადგენლობაში არიან აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე.

 

„ევროკავშირის სტაბილურობის, ეკონომიკური კოორდინაციისა და მმართველობის შესახებ“ საპარლამენტთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში მიმდინარეობს და მასში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა და კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო კომიტეტები, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის პირები მონაწილეობენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner