ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პეტრ კუბერნატთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა, საქართველოსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე და პარლამენტთაშორისი დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროება ეკონომიკური კავშირებისა და ხალხთა შორის ურთიერთობის ხელშეწყობის კუთხით.
პეტრ კუბერნატმა ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ჩეხეთი შემდგომშიც დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების პროცესში.
შეხვედრისას განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ასპექტები.
ისაუბრეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე რეგიონში არსებული მდგომარეობისა და საერთო ევროპული უსაფრთხოების გათვალისწინებით.
ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩეხეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.