პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა. ერთ-ერთი პუნქტი ეთმობა თავისუფალი საგარეო სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით გასატარებელ რეფორმებს.
„ქართული ოცნება" ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით წარმოქმნილი შესაძლებლობების გამოყენების მიზნით, გააგრძელებს აქტიური პოლიტიკის განხორციელებას:
- დაეხმარება ბიზნესს ახალ ბაზრებზე შესვლაში. კერძოდ, მოხდება ექსპორტთან დაკავშირებული ხარჯების შემსუბუქება, აგრეთვე ექსპორტთან ასოცირებული რისკების დაზღვევა;
- განვითარდება ონლაინ პლატფორმა, რომელიც სრულ ინფორმაციას მიაწვდის ქართველ ექსპორტიორებს მათთვის საინტერესო ბაზრებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, ინფორმაციას კონკრეტულ ქვეყანაში კონკრეტულ სასაქონლო კოდზე მოქმედი საიმპორტო ტარიფების, დაწესებული მოთხოვნების, აგრეთვე შესაბამის ქვეყანაში კონკრეტული პროდუქტის წარმოებისა და იმპორტის მოხულობების შესახებ;
- ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრების გაფართოების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნება კომერციული ატაშეების ინსტიტუტი;
- არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით განსაზღვრული შესაძლებლობების მაქსიმალურად ასათვისებლად და ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობასი მოსაყვანად, გაიზრდება შესაბამისი საწარმოების სახელმწიფო მხარდაჭერა (როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური). ეს განსაკუთრებით შეეხება სოფლის მეურნეობის საწარმოებს;
- ამავე დროს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული რეგულაციების გადმოღება განხორციელდება ამ შეთანხმებით მკაცრად განსაზღვრულ ვადებში და საქართველოს ეკონომიკის თავისებურებების გათვალისწინებით. ყოველი წლის დასაწყისში მთავრობა დაამტკიცებს და გაასაჯაროებს მისაღები რეგულაციების ნუსხას", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.