საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ყოფილიყვნენ სიის ქვედა ეშელონებში.
„ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მაჟორიტარები ყოფილიყვნენ სიის ქვედა ეშელონებში. ჯერ ერთი, ჩვენ დარწმუნებული ვართ მათ გამარჯვებაში. მეორეც, გვინდა, ამომრჩეველს ჰქონდეს ბოლომდე მოტივაცია, რომ კანდიდატებს არ აქვთ დაზღვეული ადგილები პროპორციული სიით - მეორე ტურის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა იცოდეს, რომ აუცილებლად უნდა იაქტიუროს და დაუჭიროს მხარი იმ კანდიდატებს, რომლებსაც უჭერენ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, აღნიშნულ პრინციპზე შეთანხება რომ არა, საარჩევნო სიის წამყვან ადგილებზე საგურამოში წარდგენილი ყველა ახალი სახე მოხვდებოდა.
„ახალი სახეებიდან, რომლებიც ჩვენ წარვადგინეთ, გარკვეული ნაწილი მოხვდა სიის წამყვან ათეულში - პირველი 11, თუ არ ჩავთვლით ჩემს და კახა კალაძის კანდიდატურას, არის ახალი სახე. ჩვენ გამოვარჩიეთ ახალი გუნდის წევრებიდან ის რამდენიმე წევრი, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებით მაღალი პოტენციალი მაჟორიტარული ოლქების მიმართულებით და ისინი დასახელებული არიან მაჟორიტარობის კანდიდატებად და ვინაიდან ჩვენ ავირჩიეთ პრინციპი, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები არ უნდა ყოფილიყვნენ სიის ათეულში, მათ მოუწიათ (ანბანის მიხედვით არიან ისინი), სიის ქვედა ეშელონებში, თუმცა ასე რომ არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, საგურამოში წარდგენილი ყველა ახალი წევრი იქნებოდა სიის წამყვან პოზიციებზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.