“ნაცვლად იმისა, რომ მცირედი სინდისი, პასუხისმგებლობა ეგრძნო, პირიქით იქცევა და არის კონკრეტული მხარე, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელია”, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა პრეზიდენტზე საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟის ნაწილი გახდა.
„იმსახურებს თუ არაა საქართველო სტატუსს - ამ საკითხის მიმართ მისი დამოკიდებულება ღიას ხდის ყველაფერს. ის ამბობს, რომ ზრუნავს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში წვლილი შეიტანოს, მაგრამ მან პირადად არაერთხელ აღიარა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, რითაც ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟის ნაწილი გახდა. შესაბამისად, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო სტატუსს არ იმსახურებს, ის ამ პროცესების ადვოკატი ვერ იქნება, პირიქით - ეცდება იმას, რომ საქართველო დააშოროს ევროპულ არჩევანს. შესაბამისად, ეს ადამიანი ამ კითხვას გაურბის.
საქართველოს პრეზიდენტი არის ზეპარტიული ფიგურა, პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არ უნდა იყოს. ეს ასევე არის პირდაპირი და უხეში დარღვევა კონსტიტუციის. ცხადია, ჩვენ სალომე ზურაბიშვილისგან კონსტიტუციის დარღვევა არ გვიკვირს, მაგრამ ამის მერე ნაცვლად იმისა, რომ მცირედი სინდისი, პასუხისმგებლობა ეგრძნო, პირიქით იქცევა და არის კონკრეტული მხარე, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელია. ელემენტარული პასუხისმგებლობის გამოვლენა იქნებოდა თუნდაც იმ ვიზიტებისა და ვოიაჟების მერე, რამე მოეყოლა საზოგადოებისთვის, მაგრამ საკუთარი თავი ანგარიშვალდებულად არავისთან ჩათვალა. როგორც ჩანს, დამალვა მისი ჰობი გახდა“, - განაცხადა იონათამიშვილმა.