ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ადრიან ფოგის შეხვდა და მასთან შავი ზღვა - კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის ჩამოყალიბების შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების გაფორმების საკითხი განიხილა.
შეხვედრა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვა - კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის გააქტიურებაზე ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების ფარგლებში. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუმინეთის მნიშვნელობას რეგიონულ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პროცესებში. მისი თქმით, რუმინეთს, როგორც საზღვაო მიმართულებით ევროკავშირის მომიჯნავე ქვეყანას, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის კუთხით.
საუბარი შეეხო საქართველოსა და რუმინეთს შორის შავ ზღვაზე საზღვაო-საბორნე მიმოსვლის ინტენსივობის გაზრდას, საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, აგრეთვე შავი ზღვის ბოჭკოვანი კაბელის პროექტს და სხვ.
დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას პრიორიტეტული მიმართულებების გაღრმავების მიზნით.