logo_geo
eng_logo
თამარ ბოლქვაძე: დათო, ხვალ შენი დაღუპვის დღეა...
- +

27 ოქტომბერი. 2023. 19:34

 

ჟურნალისტი თამარ ბოლქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავქყნებს:

 

შენთვის მოსაყოლი ამბები"

ხვალ შენი დაღუპვის დღეა! 30 წელი გასულა უკვე, ჩემთვის კი ისევ 24 წლის ხარ და როგორც ერთი პოეტი იტყოდა "ცა შენი სულის მისამართია"!

 


დათო, შენი მონატრება ფრთამოტეხილი მტრედივით აწყდება სახლის ფანჯრებს, კარს, ჭერს და მერე გულის კუნჭულში იკეთებს დარდის ბუდეს...

 


დედა ღრმად მოხუცდა, ხშირად ელანდები და ტირის, შენი დაღუპვის შემდეგ მისთვის დრო გაჩერდა... ჩემს ბიჭთან წამიყვანეო - ღმერთს ეხვეწება...

 


მე უკვე ბებია ვარ, შენ რომ ძალიან გეყვარებოდა, ისეთი ტასო მყავს. ხშირად ვუყვები შენზე, დიდი ჭკვიანი თვალებით მიყურებს და გიმახსოვრებს...

 


გიორგის დაუსრულებელი "ცეკვა ხანჯლური" აქვს სოციალურ ქსელებში შენი მკვლელის მომხრეებთან, სიტყვას არ არჩენს არავის, რაღაცით გამსგავსებ კიდეც... კარგია, რომ მოასწარი და კაცობის შენეულ კონსტიტუციას აზიარე...

 


მარიამი სულ ამაყობს შენით! ნეტა, მოვსწრებოდი, რა თბილი ბიძა მეყოლებოდა, დიდი და კარგი მეგობარიცო, -ამბობს...

 


შენს ტყუპისცალს უკვე დიდი გოგო ჰყავს, ლიკუნა ჟურნალისტია უკვე, ჩვენი პროფესია აირჩია. ნინო თვითონ მოგიყვება დანარჩენს, სიზმარში რომ გნახავს...
ცხოვრება გრძელდება დათო... ვართ ასე, ხან კარგად, ხან ცუდად, ყოფის ამოუყორავ პირს ხშირად ვერ ვაპურებთ, როგორც იტყვიან ვუძლებთ ცხოვრებას!

 


აქედან წერილის წამღები ბევრია, მაქედან პასუხის მომტანი არავინ! ერთი რამ ვიცი, შენი ფიქრები მუდამ ჩვენ დაგვტრიალებს, როგორი სიკეთით სავსეც აქ იყავი, ისეთივე კეთილი სული ხარ მანდაც, რა ხშირად გვაფრთხილებ სიზმრის ეკრანიდან, საფრთხის შესახებ...

 


სხვათა შორის, ორი დღის წინ მოფრინდა თეთრი მტრედი, ჩვენს აივანზე იჯდა მოტეხილი ფრთით, გიომ ოთახში შემოიყვანა, დავაპურეთ, დავარწყულეთ და გუშინ გაფრენილა სადღაც... ვიცი, რომ ეს შენ იყავი... მოხვედი, დაგვხედე და გაფრინდი ცათა სასუფეველში... ჩემი მონატრება იმ ფრთამოტეხილ მტრედს ჰგავს ახლა..."- წერს თამარ ბოლქვაძე. 

right_banner right_banner
არქივი
right_banner