განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის ანგარიში მოისმინა. ანგარიში დეპუტატებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ გააცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მომხსენებელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო პოლიტიკის, მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
„მისი თქმით, საეთერო ბადეში შემეცნებით გადაცემებს მაუწყებლის 40% ეთმობა. მისივე ინფორმაციით, იზრდება დოკუმენტური და მხატვრული ფილმებისა და სერიალების წარმოება.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, იგეგმება „ტელესკოლის“ რეორგანიზაცია და ამ მიმართულებით დაწყებულია „ტელესკოლის“ განვითარების გეგმაზე მუშაობა.
ვასილ მაღლაფერიძის ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებელი წელს ახალ შენობაში გადადის.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ სხდომაზე რამდენიმე რეკომენდაცია წარადგინა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნება საოკუპაციო ხაზთან, ასევე სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ყოველდღიური ყოფის გათვალისწინება საეთერო ბადეში. ასევე, ქართული ენის პოპულარიზაციის მიმართულებით გააქტიურება და ბავშვებისა და ახალგაზრდების პროგრამების მიმართულებით საეთერო დროის გაზრდა.
„მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაწია გასულ წელს. ამ მაუწყებლის მნიშვნელობის ხაზგასასმელად ისიც კმარა, რომ კოვიდპანდემიის დროს, როდესაც სკოლები დაიხურა, „ტელესკოლის“ პროგრამას ბრიტანული გამოცემა BBC აფასებდა, როგორც ერთ-ერთ საუკეთესოს“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.