"მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო, მივესალმები პატივცემულ სტუმრებს, ელჩებს, პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს. ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე გამოსვლა, ძვირფასო მასწავლებლებო," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოების და განათლების სისტემის განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილის მქონე პედაგოგები დაჯილდოვდებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიით და გადაეცემათ ფულადი პრიზი- 10 000 ლარის ოდენობით.
„მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო, მივესალმები პატივცემულ სტუმრებს, ელჩებს, პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს. ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე გამოსვლა, ძვირფასო მასწავლებლებო. სიტყვა „მასწავლებელი“ გვეუბნება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის მატარებელია ზოგადად ეს სტატუსი. თუ რაოდენ საპასუხისმგებლო არის ეს სტატუსი და რაოდენ საპატიოა. მე განსაკუთრებული პატივისცემა მინდა დაგიდასტუროთ, ვინაიდან თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრები. ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები. ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების განვითარების, მე ასე ვიტყოდი, ჩვენი შვილების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია სწორედ თქვენ, ჩვენს დამსახურებულ, ღვაწლმოსილ და გმირ პედაგოგებს გაკისრიათ.
მე ასე ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი გავლენა, ვინც შეიძლება მოახდინოს მოზარდის, მოსწავლის განვითარებაზე, აზროვნებაზე, მის ცნობიერებაზე, მისი მსოფმხედველობის განსაზღვრასა და ჩამოყალიბებაზე, ოჯახის ინსტიტუტთან ერთად ხართ თქვენ. სკოლა, მასწავლებლები და ეკლესია. საზოგადოებაში თქვენი განსაკუთრებული როლის ხაზგასმისა და დაფასებისთვის მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველად ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში დაწესდა მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემია. თანაც ჩვენი მინისტრის ინიციატივით, თარიღიც სიმბოლურად იქნა შერჩეული, 27 ოქტომბერი, ქართული პედაგოგიკის ფუძემდებლის, ჩვენთვის- ყველასთვის საყვარელი საბავშვო მწერლის და საზოგადო მოღვაწის, დიდი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე.
საზოგადოების და განათლების სისტემის განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილის მქონე პედაგოგები დაჯილდოვდებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიით და გადაეცემათ ფულადი პრიზი- 10 000 ლარის ოდენობით“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა