"ვენეციის კომისიის მოწოდებებში არც ერთი კონკრეტული პუნქტი არაა, სადაც ეწერება, რა უნდა გააკეთოს სასამართლომ და რა არის არადამაკმაყოფილებელი," - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ვენეციის კომისია არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ წინადადებებს აყენებს, რაც სრულიად მიუღებელია.
„სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისია ჩვეულებრივი პოლიტიკური მოთამაშე გახდა. ამ ბრალდებას პირდაპირ ვამბობ იმიტომ, რომ ვენეციის კომისიის მოწოდებებში არც ერთი კონკრეტული პუნქტი არაა, სადაც ეწერება, რა უნდა გააკეთოს სასამართლომ და რა არის არადამაკმაყოფილებელი. როცა გვეუბნებიან, იუსტიციის საბჭოში გადაწყვეტილების მიღებისთვის შემოიღეთ ორმაგი ორმესამედიანი უმრავლესობაო, ეს არ არის სამართლებრივი მოწოდება, ეს არის პოლიტიკური მოწოდება. მსგავსი რამ ცივილიზებული სამყაროს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება.
რას გულისხმობს ორმაგი ვეტო: იუსტიციის საბჭოში არიან მოსამართლე და არამოსამართლე წევრები; მაგალითად, 15-კაციან საბჭოში წევრების ორი მესამედი ნიშნავს 10 კაცს, მაგრამ, თუ ისე გააკეთებ, რომ ორმაგი ორი მესამედი იქნება, ანუ არამოსამართლე წევრების ორი მესამედი ცალკე და მოსამართლეების - ცალკე, იქ გადაწყვეტილება ვერასდროს ვერ მიიღწევა. ამით ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ იუსტიციის საბჭო უნდა იყოს ქმედუუნარო და პარალიზებული, ეს კი არ მოხდება.
როცა ისინი გვეუბნებოდნენ, უზენაესი სასამართლოს წევრები ჯერ არ დანიშნოთო, ეს იმას ნიშნავდა, რომ დღეს უზენაეს სასამართლოში სამი კაცი იქნებოდა დარჩენილი და სასამართლო სისტემა მთლიანად ჩამოიშლებოდა;
როდესაც მოსამართლეების დანიშვნის დროს პირდაპირ გვითხრა ვენეციის კომისიამ, მოსამართლეების გარკვეული რაოდენობა ახლა დანიშნეთ, მაგრამ მეორე რაოდენობა შემდეგმა პარლამენტმა დანიშნოსო, ეს არ იყო სამართლებრივი მოთხოვნა, ეს იყო პირდაპირ პოლიტიკური მოთხოვნა. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ვენეციის კომისია ხშირ შემთხვევაში პოლიტიზებულია და ეს ძალიან სამწუხაროა. ბუნებრივია, მათ წინადადებებს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საკონსულტაციო ორგანოა და ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან, კანონის უზენაესობიდან და საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე უნდა მოვიქცეთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.