პირველად „ევროპალია საქართველოს“ ფარგლებში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, უპრეცედენტო გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით, „საქართველო შეხვედრების ადგილი“. ევროპის პოლიტიკურ ცენტრში ქართული საგანძურის პრეზენტაციას ვიცე პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
მისი თქმით, 400-ზე მეტი ექსპონატი ჩამოვიდა საქართველოდან რამდენიმე კვირის წინ.
„აეწყო უმნიშვნელოვანესი გამოფენა, რომელიც საქართველოს ისტორიას ეძღვნება და ასახავს იმ სხვადასხვა სირთულით და ასევე, წარმატებებით ოქროს ხანის ჩათვლით სავსე, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ისტორიას. ახსნის ევროპელებისთვის, რა არის საერთოდ ქართული კულტურა, ცივილიზაცია. ჩვენი არტეფაქტებით ჩვენ ვხსნით იმას, რომ ჩვენ ევროპელი და ევროპული კულტურის ერი ვიყავით ძალიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გავქრისტიანდით და ამ კულტურას ვიცავდით, როგორც ევროპელი და თვითმყოფადი ერი მომხვდურისგან. ძალიან დიდი ინტერესი იყო გამოფენისადმი გახსნის ცერემონიაზე. თქვენ აქ ნახავდით ევროპელ მეცნიერებს, დაინტერესებულ ორგანიზაციებს, მათ წარმომადგენლებს, იმ საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკურ წარმომადგენლებს, რომლებიც ძალიან მალე, დიდი იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. დიდი იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანას ძალიან მალე მიენიჭება კანდიდატობის სტატუსი ევროკავშირში. სწორედ ამ კონტექსტში ეს გამოფენა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.