"საქართველო ნამდვილად ევროპული ქვეყანაა და ეს გამოფენა აჩვენებს საქართველოს მდიდარ კულტურას," - ამის შესახებ გამოფენის კურატორმა ბერნარდ კურმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, ქართველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ფართო საზოგადოების წინაშე საკუთარი კულტურის ჩვენება.
„ეს გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ქართული ექსპონატების ყველაზე დიდი გამოფენაა ქვეყნის გარეთ თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ. ეს ყველაფერი კიდევ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, რადგან ეს ხდება ბელგიის დედაქალაქში, ევროკავშირის დედაქალაქში და ქართველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ფართო საზოგადოების წინაშე საკუთარი კულტურის ჩვენება. ჩვენ ამ გამოფენით მხოლოდ საქართველოს არ წარვუდგენთ დაინტერესებულ სტუმრებს, ვაჩვენებთ ქვეყანას, სადაც ძალიან ბევრი კულტურა შეხვდა ერთმანეთს. საქართველო არაა იზოლირებული ქვეყანა, არაა სახელმწიფო შორს ევროპიდან, არამედ დიახ, ნამდვილად ევროპული ქვეყანაა და ეს გამოფენა აჩვენებს საქართველოს მდიდარ კულტურას“, - განაცხადა ბერნარდ კურმა.
პირველად „ევროპალია საქართველოს“ ფარგლებში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, უპრეცედენტო გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით, „საქართველო შეხვედრების ადგილი“. ევროპის პოლიტიკურ ცენტრში ქართული საგანძურის პრეზენტაციას ვიცე პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.