ომარ ნიშნიანიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
„უამრავი გულშემატკივარი, მხარდამჭერი, ნაცნობ-უცნობი, ჟურნალისტი თუ უბრალოდ ცნობისმოყვარე მირეკავს, მწერს, ან თვითონ ავრცელებს ჩემს შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას. მათ გასაგონად მინდა განვაცხადო - თავიდანვე ჩემი სურვილი იყო ქუთაისში, ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სტატუსით ჩავრთულიყავი საარჩევნო მარათონში, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემი ცოდნა, გამოცდილება და რესურსი ამის საშუალებას მაძლევდა. თუმცა „ქართული ოცნების" შტაბმა არჩევანი სხვების სასარგებლოდ გააკეთა, მე მაინც პარტიულ სიაში გამსვლელი ნომრის მისაღებად არ მიბრძოლია, ამიტომ მოლოდინიც არ მქონია, ჩემი თავი მეხილა ამ სიაში.
მიუხედავად სირთულეებისა, საინტერესო იყო ამ გუნდთან საპარლამენტო საქმიანობა. იყო აზრთა სხვადასხვაობაც, მაგრამ უფრო მეტი თანხვედრა. მაქსიმალურად ვიცავდი გუნდურობის პრინციპს, მაგრამ არც ჩემი განსხვავებული მოსაზრებების ხმამაღლა გამოთქმას ვერიდებოდი. მე დღესაც ვთვლი მიუღებლად კოაბიტაციას მათთან, ვინც წამებაში, უდანაშაულოთა სისხლისღვრაში, ტერორსა და ძარცვაში მიიღო მონაწილეობა; დღესაც უსამართლო დამოკიდებულებად ვთვლი 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების მომტანი ადამიანების იგნორს, რაც კიდევ უფრო მწვავედ სხვადასხვა რეგიონალური პარტიული ორგანიზაციების ჩამოყალიბების დროს გამოჩნდა. ამის შესახებ საუბარი მე დღეს არ დამიწყია, ამიტომ არ მივიღებ იმ ადამიანთა ცინიკურ კომენტარებს, ვინც არ მიცნობს და ვისაც ჩემი საჯარო გამოსვლები არ მოუსმენია, ან არ წაუკითხავს. არის კიდევ რიგი საკითხებისა, რაზეც მე ჩემი ჩამოყალიბებული აზრი მქონდა და მაქვს, მაგრამ ამჯერად აქ მეტად აღარ შევჩერდები.
რაც შეეხება ახალ საპარლამენტო სიას, მთლიანობაში ჩემთვის მისაღებია, მაგრამ როგორც პროპორციულ სიაში, ისე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებში რამოდენიმე ძველი თუ ახალი სახე, მსუბუქად რომ ვთქვათ, ბევრ კითხვას ბადებს როგორც ჩემში, ასევე სხვა ამომრჩევლებში. სასურველი იყო იგი უფრო ნაკლებ საეჭვო ყოფილიყო.
მინდა იმედი გავუცრუო სკანდალის მოყვარულებს - რადიკალური ნაბიჯი არ გადამიდგამს და არც ვაპირებ. მე არ გავმიჯნივარ ჩემს გუნდს, რადგან ვთვლი, რომ გუნდში ყოფნა მაინცადამაინც პარლამენტარობას არ ნიშნავს. ერთადერთი პარტია, რომლის წევრიც ოდესმე ვყოფილვარ ,,ქართული ოცნებაა''. ქუთაისის საკრებულოს წევრი და თავმჯდომარეც კი 1990 წელს ისე გავხდი, რომელიმე პარტიის წევრობის მანდატი არ მქონია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჩემთვის დავრჩენილიყავი ეროვნული პრინციპების ერთგული და უარი მეთქვა პუტჩისტების ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე.
დღესაც მიმაჩნია, რომ ყველა კეთილი ნების ადამიანმა უნდა გამოხატოს მზადყოფნა იმ ძალებთან თანამშრომლობისთვის, ვინც წინ აღუდგება დამნაშავე პარტიის ხელისუფლებაში მობრუნებას და ვთვლი, რომ ამის ყველაზე კარგი შანსი ,,ქართულ ოცნებას'' აქვს. ამიტომ მზად ვარ დავრჩე ჩემი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად ამ გუნდში და მათთან ერთად გავაგრძელო საქმიანობა იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება, სადაც ჩემი ყოფნა სასიკეთოდ წაადგება საერთო საქვეყნო საქმეს.
ვთვლი რომ ჯერ კიდევ შემიძლია მოკრძალებული წვლილის შეტანა ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის საქმეში, რასაც მე მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ისედაც ვაკეთებდი როგორც შემეძლო და სადაც შემეძლო ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე, იქნებოდა ეს ეროვნული მოძრაობა, ქუთაისის საკრებულოს ხელმძღვანელობა, თუ სამეცნიერო მოღვაწეობა აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩემს მიერ დაფუძნებულ, ძალიან საინტერესო ისტორიის მქონე ხელოვნების ინსტიტუტში.
მინდა მადლიერება გამოვხატო ჩემი მხარდამჭერების, გულშემატკივრების, მეგობრების, ახლობლების, უბრალოდ ნაცნობების მიმართ, ვინც მენდობოდა და ვისაც გავუმართლე, ან ვერ გავუმართლე იმედები. თუმცა მერწმუნეთ, მე ძალისხმევა არ დამიკლია მეკეთებინა ის, რაც ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო არა მარტო როგორც პარლამენტის წევრის, არამედ როგორც ადამიანის, თუმცა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო შევძელი მხოლოდ ის, რაც შევძელი.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო თანაგუნდელებს, ავად თუ კარგად, ერთად გაწეული საქმიანობისათვის და წარმატება ვუსურვო საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნების'' ახალ შემადგენლობას.
და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია - არ დავიშუროთ ძალა და ენერგია და ყველამ ერთად გამარჯვება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას!"- წერს ნიშნიანიძე.