ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მატჩის დასაწყისში „ბარსელონა“ ილქაი გიუნდოგანმა დააწინაურა, შემდეგ კი მადრიდელთა მხრიდან ორივე გოლი 20 წლის ჯუდ ბელინგემმა გაიტანა.
მატჩის შემდეგ მასპინძელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ „რეალის“ გამარჯვება უსამართლო იყო და მისი გუნდი მეტს იმსახურებდა.
„ჩვენ მეტს ვიმსახურებდით. ვფიქრობ, „რეალის“ გამარჯვება უსამართლო იყო, თუმცა ფეხბურთი ასეთია. მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით, ხოლო ბოლო წუთებში აშკარად არ გაგვიმართლა.
იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა ახლა ყველაზე მეტად ნაბიჯების წინ გადადგმა გვჭირდება. ბურთის კონტროლისას მეტი სიმშვიდე გვმართებს.
შეჯამებისას ვიტყვი, რომ 60 წუთი კარგად ვითამაშეთ და მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ. მეტოქემ 25 წუთი ჩაატარა სათანადოდ და ორი გოლი გაიტანა“, – განაცხადა ხავიმ.
ლა ლიგაში ამ მომენტისთვის პირველ ადგილზე 28 ქულით მადრიდის „რეალია“, მეორე ადგილს ასევე 28 ქულით „ჟირონა“ იკავებს, ხოლო „ბარსელონა“ 24 ქულით მესამეა.