გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატში გაიტანა და „აპოელს“ გასვლით მატჩში „კარმიოტისასთან“ მოგებაში დაეხმარა – 2:1.
მეცხრე ტურის შეხვედრაში „აპოელის“ შემადგენლობაში არ უთამაშია ლაშა დვალს, რომელიც ტრავმირებული იყო. კვიპროსული მედიის ცნობით, ამ შეხვედრაში ქართველი მცველი მოედანზე დაბრუნდებოდა. თუმცა, ასე არ მოხდა – დვალი განაცხადში არ იყო.
გიორგი ქვილითაიამ კი ტრავმა მოირჩინა, გუნდს შეუერთდა და მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში თავისი წვლილი შეიტანა. „აპოელმა“ ანგარიში 23-ე წუთზე ნდონგალას გოლით გახსნა და ტაიმი მოიგო.
ქართველი თავდამსხმელი მოედანზე შეცვლაზე, 63-ე წუთზე გამოჩნდა და მალე ანგარიში შეცვალა. ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის კარი 67-ე წუთზე აიღო და გუნდის უპირატესობა გაზარდა. მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
კვიპროსის ჩემპიონატში გამართული ცხრა ტურის შემდეგ „აპოელმა“ 20 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის ლიდერია. ქვილითაიამ კი მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა.