ავტორი თაკო კვარაცხელია
ზამთარი ჩვენი სახის კანისთვის განსაკუთრებულად რთული პერიოდია. ამ დროს სახის კანი განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხდება, შრება და ხშირ შემთხვევაში, გვექერცლება კიდეც... როგორ მოვუაროთ კანს სიცივეში და როგორ ავირიდოთ თავიდან ზამთრის სუსხისგან გამოწვეული პრობლემები... „რეპორტიორის“ სტუმარია დერმატოლოგი მაია დათუაშვილი.
- ქალბატონო მაია, ზამთარი გვიახლოვდება და როგორც ცნობილია, ამ დროს სახის კანი განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგება ხოლმე. როგორ უნდა მოვუაროთ ამ პერიოდში მას, რომ გაზაფხულს ჯანსაღი და მოვლილი კანით შევეგებოთ?
- ზამთრის პირობებიდან გამომდინარე, სახის კანი ნამდვილად დგება განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე. როცა გარეთ ცივა, ქარია, თოვს და ყინავს, ჩვენი სახის კანი სტრესულ მდგომარეობაში ვარდება, ამ დროს შენობაში გათბობა გვაქვს ჩართული, გათბობის ნებისმიერი სისტემა კი, აშრობს მას. ანუ, ზამთრის პერიოდში, გარეთ ვართ თუ შენობაში, სახის კანს დამატებითი პრობლემები ექმნება და პრობლემების თავიდან ასარიდებლად, განსაკუთრებული სიფრთხილე გვესაჭიროება. იმ ადამიანებს, რომელთაც კანის რაიმე დაავადება აქვთ, რაც კანის სიმშრალით გამოიხატება, კიდევ უფრო მეტად ესაჭიროებათ მისი სწორად მოვლა. აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რა თანმიმდევრობით გამოვიყენოთ მოვლის საშუალებები და ერთმნიშვნელოვნად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კანის დატენიანებას და დამატენიანებლების სწორად შერჩევას. ქართული ბაზარი სავსეა თავის მოვლის პროდუქტებით და მნიშვნელოვანია დერმატოლოგის კონსულტაცია, რათა სწორად შეირჩეს პროდუქცია.
- თქვენ მშრალ კანზე ისაუბრეთ... რაც შეეხება კომბინირებულ და ცხიმიან კანს. მათ, ვისაც ამ ორი ტიპის სახის კანი აქვთ, თუ უწევთ ზამთრის განმავლობაში დღისა და საღამოს რუტინაში, დამატებითი საშუალებების ჩასმა?
- ეს ინდივიდუალურია, თუმცა, უმეტესად, მათთვის, ვისაც გამოკვეთილი ცხიმიანობა ახასიათებთ, იმდენად უცხოა მათთვის გამოშრობის პრობლემა, რომ ხელის კრემის გამოყენებაც კი ნაკლებად ესაჭიროებათ ხოლმე, არათუ დამატებითი პროდუქტების გამოყენება. თუ რამე ინდივიდუალურ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე, ცხიმიანი და კომბინირებული კანის შემთხვევაში, ზამთრის განმავლობაში, რაიმე დამატებითი პროდუქტის ჩასმა საჭირო არ ხდება ხოლმე.
- ქალბატონო მაია, რა ასაკიდანაა საჭირო სახის კანის მოვლა და რამდენი წლიდან გვჭირდება ქალებს ჩვენი კანისთვის ყურადღების განსაკუთრებულად მიქცევა?
- დაბადებიდან (იცინის). ბავშვი როდესაც სამშობიაროდან გამოჰყავთ, მშობელი მაშინვე იწყებს მისი კანის მოვლას. კარგი იქნება, თუ არცერთ ეტაპზე არ მოვადუნებთ ყურადღებას და მოვუვლით მას, რათა ასაკთან ერთად, უფრო რთული არ გახდეს მისი ჯანსაღი იერის შენარჩუნება. კარგი იქნება, თუ არცერთ ასაკში არ მოვადუნებთ ყურადღებას და თუ რაიმე პრობლემა წარმოიშობა, მაგალითად გამონაყარის სახით, საფუძველშივე შევეცდებით მათ აღმოფხვრას.
- ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით პოპულარული გახდა სახის კანის მოვლა ინიექციური პროცედურებით. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებას ვისმენთ - ერთნი ამბობენ, რომ მისი გამოყენება აუცილებელია, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ რაც უფრო გვიან ასაკში მივმართავთ ინიექციურ კოსმეტოლოგიას, მით უფრო დიდხანს შევინარჩუნებთ ბუნებრივ და ახალგაზრდულ იერს. რომელია ამ მოსაზრებათაგან მითი და რომელია რეალობა?
- პირველი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ ეს საკმაოდ არაკომფორტული პროცედურებია. არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთაც არც კი უხდებათ ინიექციური თერაპია და მსუბუქი, სალონური კოსმეტოლოგიით უკეთ ინარჩუნებს სახის კანის კარგ მდგომარეობას. ინიექციების შემდეგ, კარგად მოგეხსენებათ, რომ სახეზე გარკვეული კვალი რამდენიმე დღის განმავლობაში რჩება, რაც დამატებითი დისკომფორტის შემქმნელია. არ მინდა, კატეგორიული მიდგომა მქონდეს ამ საკითხის მიმართ, თუმცა, ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რა ნივთიერებები შეჰყავთ კანში. ისეთი ნივთიერებები, რომლებიც შეიცავს ზოგად ვიტამინებს, ახალისებს და ასტიმულირებს კანს, მათ გაკეთებაში პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა, 20-25 წლამდე გოგონებს შეუძლიათ მხოლოდ სალონურ კოსმეტოლოგიას მიმართონ და ჯანმრთელი სახის კანი თავის მოვლის საშუალებებით, მკვებავებითა და დამატენიანებლებით შეინარჩუნონ.
- მინდა გარუჯვაზეც გკითხოთ... მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით, გარუჯვა აბერებს ჩვენს კანს, მისი ტრენდულობიდან და სილამაზიდან გამომდინარე, გვიჭირს მასზე უარის თქმა. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ გარუჯვაც მოვახერხოთ და პარალელურად, დაბერების პროცესიც არ დავაჩქაროთ?
- უნდა გვახსოვდეს, რომ ზომიერების დაცვა ყველაფერში აუცილებელია და არ არის საჭირო, მთელი წლის განმავლობაში გარუჯულებმა ვიაროთ. რუჯი, ანუ ჭარბი ინსოლაცია, დაბერების დაჩქარების ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი მიზეზია და ულტრაიისფერი სხივები, რამდენადაც კანს მეტ მომხიბვლელობას ანიჭებს, იმდენად ვნებს კიდეც მას. ჩვენ დაბერების ბიოლოგიურ საათს ვერანაირად ვერ შევცვლით, მაგრამ გარე ფაქტორებით შეგვიძლია მისი შენელება ან დაჩქარება. დაჩქარების 80%-ზე მეტი კი, სწორედ ულტრაიისფერი სხივების და მისი უკონტროლო გამოყენების შედეგია. რათა თავიდან ავირიდოთ კანის დაბერების პროცესის დაჩქარება, აუცილებელია, შევცვალოთ გარუჯვის 12-თვიანი რეჟიმი და მზის აბაზანები მსუბუქად, ზაფხულის მხოლოდ გარკვეულ პერიოდში მივიღოთ. მერწმუნეთ, ეს უფრო ლამაზიცაა, საინტერესოც, მრავალფეროვანიც და რაც მთავარია, ჯანსაღიც. მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი რუჯის დროსაც კი ხდება უჯრედის დაზიანება, მისი მკურნალობა და გამოსწორება შესაძლებელია, მაგრამ როცა ადამიანი, მიზანმიმართულად, რამდენიმე საათის მანძილზე ეფიცხება მზეს, შედეგი ძალიან მძიმე დგება ხოლმე. გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ გარკვეული ასაკის მერე, ადამიანს ზედმეტი რუჯი ისედაც ნაკლებად უხდება ხოლმე, რადგან უჭირს თანაბარი ფერის მიღება, უჩნდება გარკვეული ყავისფერი ლაქები, ჭრელდება და მეტად უშრება ხოლმე კანი. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ზომიერების დაცვა, სიფრთხილის გამოჩენა და მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება. იმისთვის, რომ შვებულებიდან დაბრუნების მერე, სახის კანს უფრო დაღლილი და გამოფიტული იერი არ ჰქონდეს, ვიდრე შვებულებაში წასვლამდე გვქონდა, აუცილებელია, დასვენების მთელი პერიოდი მზისგულზე არ გავატაროთ! თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ D ვიტამინი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია და სრულად მისი აკრძალვაც არაა მიზანშეწონილი.
- ქალბატონო მაია, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება, თამბაქოსა და ალკოჰოლისგან თავის შეკავება, წყლის მიღება... ვიცით, რომ ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რათა ჩვენი სახის კანი ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს... რამეს ხომ არ დაამატებდით ამ ჩამონათვალს?
- დავამატებდი და თანაც სიის სათავეში - ესაა სტრესისგან თავის დაცვა! სტრესი არის ის, რაც აბერებს ადამიანს შინაგანადაც და გარეგნულადაც, ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მისგან თავი ავირიდოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ძილის გრაფიკის დაცვა და თქვენ წარმოიდგინეთ, ძილის პოზაც კი. კარგი იქნება, თუ მოვახერხებთ, რომ გამუდმებით ერთსა და იმავე მხარეს არ გვეძინოს, რადგან როცა ბალიშზე გამუდმებით სახის ერთი მხარე გვაქვს მოთავსებული, ის მეტად იკეცება და მასზე გაცილებით ადრე ჩნდება ხაზები. ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული პროცესის კონტროლით ადამიანმა ძილი დაიფრთხოს, თუმცა, ყველაფრის მიჩვევა და გადაჩვევაა შესაძლებელი და კარგი იქნება, თუ ამ დეტალსაც მივაქცევდით ყურადღებას.
- და ბოლოს... როცა სახის კანის მოვლაზე ვსაუბრობთ, ასოციაციურად ყოველთვის ქალი გვახსენდება ხოლმე. მოდით, მამაკაცებზეც გვითხარით ორიოდე სიტყვა, სჭირდებათ თუ არა მათაც სახის კანის მოვლა იმ ინტენსივობით, რა ინტენსივობითაც ვუვლით ქალები, უნდა ჩაიტარონ თუ არა მათაც დღისა და საღამოს რუტინა, უნდა გამოიყენონ თუ არა ის პროდუქტები, რასაც ჩვენ, ქალები ვიყენებთ ხოლმე და საერთოდ, რა რჩევებს მისცემდით მათ?
- მოგეხსენებათ, რომ ქალები და მამაკაცები ფიზიოლოგიით და ანატომიით, ერთმანეთისგან მკვეთრად განვსხვავდებით. ჰორმონული სპექტრიდან გამომდინარე, სწორედ ქალის კანი საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. ის პროცესები, რაც ქალის ორგანიზმში თვეში ერთხელ მიმდინარეობს, მის სახის კანზე მკვეთრად აისახება. როდესაც გარკვეული ასაკის შემდეგ, ეს პროცესი წყდება, ორგანიზმი სტრესში ვარდება და ესეც დამატებით სირთულეებს უქმნის ქალის სახის კანს. ჩვენი კანი მეტად ნაზია და ასაკი მას მეტად „ჩაგრავს“, ვიდრე მამაკაცისას, აქედან გამომდინარე, კაცებს კანის ისე რუტინულად მოვლა, როგორც ამას ქალები ვაკეთებთ, არ სჭირდებათ. თუმცაღა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუკი მას გამომშრალი სახის კანი აქვს, დამატენიანებელი არ გამოიყენოს. მკვებავების გამოყენება მამაკაცებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნით, რადგან ფიქრობენ, რომ „სარკესავით ილაპლაპებენ“, მაგრამ ეს ასე არაა. XXI საუკუნეში ისეთ ტექსტურის მკვებავები არსებობს, რომ მათ, სულ რამდენიმე წუთში ისრუტავს კანი. მამაკაცებო, კანის გამოშრობის შემთხვევაში, უკიდურეს შემთხვევაში მხოლოდ საღამოს მაინც გადაისვით სახეზე დამატენიანებელი, რადგან მერწმუნეთ, ჯანსაღი, მოვლილი, დატენიანებული სახის კანი ისევე უხდებათ მამაკაცებს, როგორც ქალბატონებს.