„აიაქსის“ კრიზისი გრძელდება – გიორგი მიქაუტაძის გუნდი ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-10 ტურში ლიდერ „პსვ ეინდჰოვენს“ ესტუმრა და 2:5 დამარცხდა.
მიქაუტაძე კვლავ სათადარგო იყო და თავის გამოჩენის შანსი არ მიეცა. „აიაქსმა“ პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა და 2:1 მოიგო. ანგარიში ვან დენ ბოომენმა მე-10 წუთზე გახსნა. მართალია, ლოსანომ (20) წონასწორობა მალე აღადგინა, მაგრამ ბრობმა (40) ამსტერდამელები ისევ დააწინაურა.
მეორე ტაიმი „პსვ ეინდჰოვენმა“ შესანიშნავად ჩაატარა და ამსტერდამელებს ოთხი გოლი გაუტანა – ანგარიში დე იონგმა (49) გაათანაბრა, საიბარმა (53) მასპინძლები დააწინაურა, ხოლო ლოსანომ (60, 72) კიდევ ორი გაიტანა და ჰეთთრიკი შეასრულა.
„აიაქსმა“ ერედივიზიონში ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო და 5 ქულით ბოლო ადგილზეა. ამსტერდამელებს ორი თამაში მარაგში აქვთ, მაგრამ ორივეს მოგების შემთხვევაშიც, გუნდი მაქსიმუმ მეცხრე ადგილზე დაწინაურდება, რაც ლეგენდარული კლუბისთვის შეუფერებელია.