პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების საქართველოში შეხვედრის მნიშვნელობაზე „იმედის კვირაში“ ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრის შეთავაზების შემდეგ აზერბაიჯანმა და სომხეთმა გამოიყენეს საქართველოს სივრცე და ჩვენს მიერ შეთავაზებული მოლაპარაკებების მაგიდა იმ შეთანხმებისთვის, რომელიც რეგიონში მნიშვნელოვანია გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. ეს საქართველოს კიდევ ერთხელ უბრუნებს იმ ისტორიულ როლს, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი და ინარჩუნებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას მაღალი დონის პოლიტიკურ დღის წესრიგში“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები პირველად ერთმანეთს პირისპირ თბილისში შეხვდნენ. აუდიენცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეები ორ ქვეყანას შორის არსებულ კონფლიქტზე რამდენიმე საათის განმავლობაში პირისპირ მსჯელობდნენ.