ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარს გამართავს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა CNN-ს განუცხადა.
„ისრაელმა ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რომ განასხვაოს „ჰამასის“ტერორისტები, რომლებიც ლეგიტიმური სამიზნე არიან, მშვიდობიანი მოსახლეობისგან, რომელიც არ არის“, - განაცხადა სალივანმა.
მისივე თქმით, „ჰამასი“ ამერიკელებს და სხვა უცხოელებს ღაზის სექტორიდან გასვლის შესაძლებლობას არ აძლევს. სალივანის თქმით, მოლაპარაკებები ამ საკითხზე გრძელდება.
მოგვიანებით, ABC-ს ეთერში სალივანმა განაცხადა, რომ „ჰამასი“ მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალება, რის გამოც ტერორისტების უდანაშაულო მოსახლეობისგან განსხვავების წნეხი ისრაელს აწვება.
„თუმცა ეს არ ამცირებს მათ პასუხისმგებლობას, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობით აკისრიათ - ყველაფერი გააკეთონ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“, - განაცხადა სალივანმა.