logo_geo
eng_logo
ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია იწყება
- +

9 სექტემბერი. 2016. 23:24



საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით იწყება ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია.


10 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე სოფელ ნოქალაქევს (სენაკიდან 17 კილომეტრი) ეწვევიან და მუზეუმ-ნაკრძალს დაათვალიერებენ. ნიკოლოზ ანთიძე სარეაბილიტაციო პროექტის პრეზენტაციას გამართავს.


ნოქალაქევის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდება. წელს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია მილიონ სამასი ათასი ლარი. მთლიანობაში, მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის 14 მილიონი ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს სრულად აფინანასებს საქართველოს მთავრობა.


ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია, IV-VIII სს. ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) სამეფოს დედაქალაქ ,,ციხეგოჯს", ,,არქეოპოლისს" წარმოადგენდა.

ეგრისის მეფეთა რეზიდენცია განლაგებული იყო 20 ჰექტარზე და სამი ნაწილისგან შედგებოდა:  მთავარი - ქალაქის ქვედა ნაწილი; მონაკვეთი ფერდობზე - გარნიზონისთვის და მთის პლატოზე მოთავსებული  - შიდა ციხე. სამნაწილიანი ქალაქი გარშემორტყმული იყო IV, V და VI საუკუნეებში აგებული სამი მტკიცე კედლით.


სხვადასხვა დროს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ნოქალაქევის ტერიტორიზე აღმოჩენილია გალავან-სამზღუდი, ანტიკური ხანის ციტადელის ეგრისის მეფეთა სასახლეების ნაშთები (IV-VI სს.), სამეფო და სამოქალაქო აბანოები, წყალსაცავი (IV-VI სს.), მდინარეზე გამავალი საიდუმლო გვირაბი, IV-VI საუკუნეთა ეკლესიების არქეოლოგიურად გამოვლენილი ნაშთები, XVI-XVIII სს. მხატვრობით შემკული ,,ორმოც მოწამეთა" გუმბათიანი ტაძრი (VI ს.).


დღეისათვის ფუნქციონირებს არქეოლოგიური მუზეუმი, რომელშიც წარმოდგენილიანოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები (ძვ. წ. II ათასწ. - XIX ს.).


ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის დაცვისა და გადარჩენის მიზნით, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, კომპანია „საქართველოს მემკვიდრეობამ"  ისტორიული ეგრისის (დასავლეთ საქართველო IV-VIII სს.) სამეფო დედაქალაქის  ,,ციხეგოჯი" ,,არქეოპოლისის" განვითარების, 22 ცალკეული კომპონენტისგან შემდგარი საპროექტო დოკუმენტაცია მოამზადა.


დოკუმენტაციაში წარმოდგენილი კომპონენტების შესრულება შესაძლებლობას იძლევა,მომზადდეს ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი შესაბამისი ნომინაცია.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner