„ფაქტობრივად ქვეყნის მტრებად გამოგვაცხადეს“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
ჯაღმაიძის თქმით, როდესაც მედიაში გასული სიუჟეტის შემდეგ მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ტაძართან იყო ასული და განმარტება გააკეთა, რომ სიუჟეტში ნახსენები ტაძრის კარის აჭედვა სოფელ კირბალში მდებარე ლომისის წმინდა გიორგის ტაძარში მოხდა და არა მლეთაში, ეგონა, რომ ეს ფაქტი სიუჟეტის ავტორებს უბრალოდ შეეშალათ, თუმცა ახლა ჰგონია, რომ დაგეგმილ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.
„როდესაც ამის [სიუჟეტის] შესახებ განმარტება გავაკეთე, ამას მოჰყვა საშინელი რეაქცია. მეც, ჩემთან ერთად ლომისის ტაძრის წინამძღვარი მამა დავითი და ზემოთ, ქედზე მყოფი მამა გრიგოლი ფაქტობრივად ქვეყნის მტრებად გამოგვაცხადეს. მაშინ თუ ვამბობდი, რომ იქნებ უნებლიეთ შეეშალათ მეთქი, ახლა ვფიქრობ, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია იმისთვის, რომ იქ მომხდარიყო რაიმე დაძაბულობა. ჩვენი ხალხი არის ემოციური, ფიცხი და შესაძლოა შეცდომაში შესულმა ადამიანმა იქ [მლეთაში] გაართულოს სიტუაცია. ჩვენ ბერს ვაცხოვრებთ დამხმარე ნაგებობაში, რომელიც არის ზოლს იქით [ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა]. ასეთ შემთხვევებში, ხალხი მიჰყავთ [იტაცებენ]. ჩვენ ვინარჩუნებთ ამ მდგომარეობას. აქ ახლა ამის შერყევა, როდესაც ბეწვზე ჰკიდია მშვიდობიანი მდგომარეობა, მიგვაჩნია, რომ ძალიან დიდი დანაშაულია. ეს რუსი სამხედროები თუ ამოდიან [ქედზე], ჩვენი ბრალია? ვინ დაგვაყენა რუსი სამხედროები თავზე და ვინ ჩააბარა ახალგორის რაიონი მათ?! ჩუმად, ყოველგვარი პერფორმანსების გარეშე ვინარჩუნებთ [მლეთის წმინდა გიორგის ტაძარში] ქართულ წირვა-ლოცვას, რომელიც დაკარგეს [წინა ხელისუფლებამ] 2008 წელს. ცოტა მორიდებულად გავაკეთე თავიდან განცხადება და არ შევახსენე მათ [„ნაციონალურ მოძრაობას“], ვინ დაკარგა ეს ტერიტორიები და ვისი ბრალია, რომ [ტაძართან] რუსი სამხედროები ამოდიან. ამათ ისე შეატრიალეს, თითქოს იქ რომ ცხოვრობს ბერი, მისი ბრალია, რუსები რომ იქ ადიან“, - აცხადებს ჯაღმაიძე.