უკრაინულმა ტელეკომპანია „აკადემიამ" ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისა და ოდესის საბაჟოს წარმომადგენლის მამუკა ტუღუშის კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით ვრცელი საგამოძიებო სიუჟეტი მოამზადა.
სიუჟეტი ასახავს იმ კორუფციულ სქემას, რომლის მიხედვითაც, ოდესის პორტების გავლით კონტრაბანდული სიგარეტი და სხვადასხვა საქონელი უკრაინის ბაზარზე რეალიზაციისთვის უაქციზოდ გადის.
სქემის მიხედვით დიდი რაოდენობით კონტრაბანდული უაქციზო სიგარეტი საქართველოდან, უკრაინის გავლით, მოლდოვაში გამოგონილ მისამართზე იგზავნება. მისამართის არ არსებობის გამო, უაქციზო სიგარეტის კონფისკაციას ოდესის შავი ზღვის პორტში ახდენს ოდესის საბაჟო, კონტრაბანდული სიგარეტი კი უკრაინული კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დაიწვას, თუმცა განადგურების ნაცვლად უაქციზო სიგარეტი ოდესის საბაჟოს გავლით უკრაინის შავ ბაზარზე იყიდება.
აღნიშნულ კონტრაბანდულ ბიზნესს უკრაინული მედიის ინფორმაციით ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მამუკა ტუღუში კურირებს.
მამუკა ტუღუში უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მიწვევით ჩავიდა და იგი ოდესის საბაჟოს კურირებს. მამუკა ტუღუშს საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების დროს ფინანსური პოლიციის საბაჟოს წესების დარღვევასთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. ის დავით კეზერაშვილის მარჯვენა ხელად მიიჩნეოდა. ტუღუში 2009 წლის სექტემბრიდან შემოსავლების სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2011 წელს მან შემოსავლების სამასახურიდან თბილისის მერიაში გადაინაცვლა და გიგი უგულავას მოადგილე გახდა.
ბოლო კვირის განმავლობაში ოდესის საბაჟომ ე.წ. კონტრაბანდული სიგარეტით სავსე ათი კონტეინერი დააკავა, რომლის საერთო ღირებულება ჯამში 100 მილიონ უკრაინულ გრივნას შეადგენს. დაკავებული სიგარეტი კი სარეალიზაციოდ კვლავ უკრაინის ბზარზე მოხვდა.
უკრაინული მედიის ცნობით აღნიშნული სქემით მიხეილ სააკაშვილი და ე.წ. რეფორმატორების გუნდი უკრაინაში ყოველწლიურად ნახევარ მილიარდ გრივნას შოულობენ.