logo_geo
eng_logo
მამუკა კარტოზია: ჩვენ ერთი პატარა ქვეყანა ვართ, რომელსაც რამე განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა ამ პლანეტაზე არ გააჩნია!
- +

30 ოქტომბერი. 2023. 09:51

 

 

თეირანში „3+3-ის ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანისა და რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირები დაესწრნენ, საქართველომ კი, მასში მონაწილეობაზე კვლავ უარი განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა: გვესმის მიზეზი, რომლის გამოც საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით თავს იკავებს ამ ექვსეულთან შემოერთებისგან“, - თუმცა რა მიზეზს გულისხმობდა, არ დაუკონკრეტებია. შეხვედრის ფარგლებში ყველა მონაწილე მხარემ აღნიშნა, რომ პლატფორმაში მონაწილეობისთვის საქართველოს კარი ღია რჩება. რატომ თქვა საქართველომ უარი მოცემულ შესაძლებლობაზე დალაპარაკებოდა მეზობლებს და მათთან ერთად განეხილა მნიშვნელოვანი საკითხები - „რეპორტიორის“ სტუმარია ანალიტიკოსი მამუკა კარტოზია.

 

- ბატონო მამუკა, „3+3“ ფორმატში მონაწილე ექვსი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიდან ხუთი თეირანში შეიკრიბა, მეექვსემ - საქართველომ კი, მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. თქვენი აზრით, რატომ მიიღო ჩვენმა ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება და რა შესაძლებლობებზე თქვა საქართველომ უარი?

 

- პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ, რა ფორმატია ეს და რა შესაძლებლობას აძლევდა მასში მონაწილეობა ჩვენს ქვეყანას. „3+3“ ფორმატში მონაწილე სახელმწიფოები ევროპისა და აზიის ქვეყნების ერთმანეთთან დამაკავშირებელ გარკვეულ ჰაბს წარმოადგენენ, ამიტომ, ამ შეხვედრაში უშუალო მონაწილეობა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ახლა ისეთ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გვიწევს ცხოვრება, როცა მსოფლიოში რევოლუციური ცვლილებები ხდება და არსებული რეალობა ყოველწუთიერად იცვლება. ჩვენ კი, იმის მაგივრად, რომ ამ ახალ მსოფლიო კონტექსტში ჩვენი ადგილი ვიპოვოთ, თავს თამაშგარე მდგომარეობაში ვიტოვებთ. თუ საქართველო არ შეისწავლის და გაითვალისწინებს მსოფლიოში არსებულ ახალ რეალობას, დამიჯერეთ, ჩვენ უბრალოდ წავილეკებით! მიუხედავად იმისა, თუ რა ზეწოლასაც განიცდის საქართველოს ხელისუფლება და რა წნეხის ქვეშაც უწევს მოღვაწეობა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ირანთან და რუსეთთან ერთ ფორმატში საუბრის შესაძლებლობაზე უარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეთქვა. აღსანიშნავია, რომ „3+3“ ფორმატში მონაწილეობა ამ ვიწრო წრეში ჩაკეტვას და დანარჩენ სამყაროსთან კავშირის გაწყვეტას სულაც არ ნიშნავდა, შეხვედრაში მონაწილეობის სანაცვლოდ არც ჩვენს მიერ არჩეული საგარეო კურსიდან გადახვევას და დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივაზე უარის თქმას გვთხოვდა ვინმე. ბოლოს და ბოლოს, აღნიშნული ფორმატის პროტაგონისტი ხომ NATO-ს წევრი თურქეთია და ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია, ჩვენ რა გვიშლიდა ხელს, დავლაპარაკებოდით უშუალო მეზობლებს, მათ შორის იმპერიული წარსულის მქონე უზარმაზარ სახელმწიფოებს და მათთან საერთო ინტერესები და ახალი გადაკვეთის წერტილები გვეპოვა!

 

- ბატონო მამუკა, საქართველოს რუსეთთან დალაპარაკების შესაძლებლობაზე უარი პირველად არ უთქვამს, ჩვენ „3+3“ ფორმატის არც წინა შეხვედრას დავსწრებივართ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის დმიტრი მედვედევის რამდენიმე კვირის წინანდელი განცხადებაც ყურადღების მიღმა დავტოვეთ, როცა მან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხზე საქართველოსთან მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობაზე ისაუბრა... თქვენი აზრით, რატომ არ ვიყენებთ არცერთ შესაძლებლობას, პირისპირ ვესაუბროთ რუსეთს?

 

- სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტია და სწორედ ეს უქმნის საქართველოს უმძიმეს მდგომარეობას. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა ახლა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება უნდა იყოს. ფაქტია, რომ 30 წელიწადია გვაქვს ეს პრობლემა გადასაჭრელი და ვერც ევროკავშირი, ვერც NATO და ვერც საერთაშორისო ორგანიზაციები ამ პრობლემის მოგვარებაში ვერ დაგვეხმარებიან. ერთადერთი ქვეყანა, ვისთანაც სამაჩაბლოსა და აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაზე უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკება, ეს რუსეთია, ჩვენ კი, ამ დროს ყველა შესაძლებლობაზე უარს ვამბობთ და იგნორირებას ვუკეთებთ ამ უზარმაზარ, მონსტრ სახელმწიფოს. რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ და ვაღიაროთ, რომ მხოლოდ ჩრდილოელ მეზობელთან დიალოგით შეგვიძლია ჩვენი უპირველესი პრობლემის - ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარება! კეთილი უნდა ვინებოთ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და გავიგოთ, რას გვთავაზობს ეს ქვეყანა, უნდა შევთავაზოთ მას ჩვენი წინადადებები და შევაჯეროთ ინტერესები. ვერ ვხვდები, ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც ჩვენ ვართ, ასეთი დიდი გული რატომ გვაქვს?! ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც რამე განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა ამ პლანეტაზე არ გააჩნია! როდის შევეშვებით იმ მითების დაჯერებას, რომ გეოპოლიტიკური ხიდი ჩვენს ქვეყანაზე გადის? დამიჯერეთ, არავის არ სჭირდება ეს და თუ დიდი სახელმწიფოები მოინდომებენ, არც არანაირი ხიდი არ გაივლის! ჩინეთთან პოზიტიური კავშირები დავამყარეთო, გვიხარია და ამ დროს გვავიწყდება, რომ ჩინეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია. გაუგონარი არათანმიმდევრულობა და მოვლენების გაუანალიზებლობა გვახასიათებს. დღეს საქართველოში პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოღვაწეების დეფიციტი გვაქვს და სწორედ ეს იწვევს სახელმწიფოებრივად გაუმართლებელი ნაბიჯების სიმრავლეს. მინდა გაიგოს ჩვენმა მკითხველმა, რომ რუსეთის გარეშე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გამორიცხულია. ისტორიის გადაწერას და დამახინჯებას ცდილობენ, რომ თითქოს საქართველო მთელი თავისი არსებობის მანძილზე ევროპისკენ ისწრაფვოდა, რაც სიცრუე და ყალბი ნარატივის შექმნაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობისას შეცდომები დაუშვა, პოლიტიკურ თამაშში მისი იგნორირება, საქართველოსთვის დამღუპველი იქნება!

 

- ბატონო მამუკა, ჩინეთის ფაქტორი ახსენეთ და არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ის უზარმაზარი გაერთიანება, სადაც ჩინეთი და რუსეთი ერთად არიან გაწევრიანებულები (ბრიქსი). საქართველოს ხელისუფლება ამ გაერთიანებასთან თანამშრომლობის პერსპექტივას არც კი განიხილავს. თქვენი აზრით, ჩვენი ხელისუფლება ვერ ხედავს იმ ახალ რეალობას, რომელიც მსოფლიოში იქმნება, თუ მათ უბრალოდ არ აქვთ დამოუკიდებლობის ისეთი მაღალი კოეფიციენტი, რომ ქვეყნისთვის ახალი და გაცილებით საჭირო მოკავშირეები ეძებოს, ვიდრე ეს დასავლეთია?

 

- „ქართული ოცნება“ ხელისუფლებისა და ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმზეა გადასული და მომავალ არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭირო ხმების მოგროვებას ცდილობს, რაც მისთვის, როგორც პოლიტიკური სუბიექტისთვის, შესაძლებელია, სწორიც არის, მაგრამ ეს აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნისთვის! „ოცნებამ“ საკრალურ მიზნად დაისახა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება და, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე, ყველაფერზე თვალს ხუჭავს. ხელისუფლებას სახელმწიფო გადატრიალების შიშიც აქვს, გარდა ამისა, მათი მენტორები დასავლეთიდან კარნახობენ, რომ არცერთ იმ ფორმატში არ ჩაერთონ, რაზეც ჩვენ ზევით ვისაუბრეთ. საქართველო, დიდი ალბათობით, მიიღებს სტატუსს, თუმცა, მინდა ჩვენმა მკითხველმა გაიაზროს, რომ ეს სტატუსი ქვეყნისთვის არაფრის მომცემია. მას ევროპა მხოლოდ იმისთვის მოგვანიჭებს, რომ არ დაკარგონ გავლენა საქართველოზე და არ გადავინაცვლოთ რუსეთის ორბიტაზე. ევროპას, რომელიც აშშ-ის ფილიალია და, რომლისგან დამოუკიდებლად ის ვერანაირ პოლიტიკას ვერ აწარმოებს, ჩვენ ვჭირდებით მხოლოდ როგორც რუსეთის უშუალო მეზობელი და მისთვის დისკომფორტის შემქმნელი სახელმწიფო. მერწმუნეთ, თუკი საქართველოს ხელისუფლება გაბედავს და დასავლეთისთვის მიუღებელ ნაბიჯს გადადგამს, მას მაშინვე მოუწყობენ „მაიდანს“.

 

- და ბოლოს, როგორც ამბობთ, ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს. რის შემდეგაც, საუბარი უკვე უშუალო გაწევრიანებაზე დაიწყება, ეს კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, გამორიცხულია, 2030 წლამდე მოხდეს... 2030 წლამდე შვიდი წელია დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ამ ჩაკეტილ წრეში კიდევ მინიმუმ შვიდი წელი დარჩება. როგორ ფიქრობთ, რა სხვა შანსებს დაგვაკარგვინებს 2030 წლის ლოდინი, მიგვიღებენ თუ არა კავშირის წევრად და, შვიდი წლის მერე, საერთოდ, იარსებებს თუ არა  ევროკავშირი? 

 

- სამწუხაროდ, ისეთი რეალობა შეიქმნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება უმაღლეს მიზნად დაუსახეს. ისეთი ნონსენსიც კი მოხდა, როგორიც კონსტიტუციაში საგარეო კურსის შესახებ პუნქტის ჩაწერაა. ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც ერთნაირი სიჯიუტით გვიმტკიცებენ, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩვენი გადარჩენის ერთადერთი შანსიაო, სინამდვილეში კი, იმასაც ვერ გვისაბუთებენ, რა რეალურ პოზიტივს მოუტანს საქართველოს ეს პროცესი... იმასაც კი ვერ გვეუბნებიან, ევროკავშირში გაწევრიანებით შეგვინარჩუნდება თუ არა ჩვენი იდენტობა, ისტორია, ტრადიციები კულტურა, ცხოვრების წესი?.. ბრიქსის შესახებ დამისვით წეღან შეკითხვა და ზუსტად ამით დავასრულებ კიდეც ჩვენს დღევანდელ საუბარს - ამ კავშირს რევოლუციური გარდატეხა შეაქვს გლობალურ პოლიტიკაში, პრაქტიკულად, მსოფლიოს მეორე ცენტრი ყალიბდება, ჩვენ კი, თუ არ მოვეშვებით ერთსა და იმავე წრეზე სიარულს, არ გავაანალიზებთ ახალ რეალობას და არ ჩავერთვებით აღნიშნულ პროცესებში, ბორტს მიღმა დავრჩებით და დღის წესრიგში, საერთოდ ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგება!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner