„ოპოზიციისთვის კანდიდატის სტატუსს არასდროს ჰქონია მნიშვნელობა, არც მაშინ, როცა პანიკა ჰქონდათ მოწყობილი, რომ ქვეყანა იღუპება სტატუსის გარეშეო და არც ახლა, როცა ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს ნიშნავს, სინამდვილეში, მათთვის კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირთან ინტეგრაციას რაიმე ღირებულება არასოდეს ჰქონია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის მიზანი იყო, რომ ევროპასთან ინტეგრაცია ხელისუფლებისა და ქვეყნის წინააღმდეგ იარაღად გამოეყენებინათ, რათა ქვეყანაში სიტუაცია აერიათ.
„ერთადერთ ღირებულებას იმაში ხედავდნენ, რომ ფიქრობდნენ, შეიძლება, გამოეყენებინათ, როგორც იარაღი ხელისუფლების წინააღმდეგ. დღეს რომ ერთმანეთის მხილებით არიან დაკავებული და იმ გემიდან გარბიან, რომელიც იძირება, თითოეული ეს ადამიანი ჩართული იყო იმაში, რომ ევროპასთან ინტეგრაცია ხელისუფლებისა და ქვეყნის წინააღმდეგ იარაღად გამოეყენებინათ, რათა ქვეყანაში სიტუაცია აერიათ. ხედავენ, რომ ეს ხელიდან ეცლებათ და არ უნდათ, რომ ჩაჰყვნენ იმ გემს, რომელიც იძირება. გამოჩნდება, რომ სინამდვილეში, ვინც ანტიევროპულია საქართველოში, სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.